„ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალდების წაყენება ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ანაკლიის კონსორციუმის (პორტის) განვითარებას“.
ამის შესახებ გია ხუხაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ხაზარაძის საქმეს აქვს სამი განზომილება - პოლიტიკური, ბიზნეს და სამართლებრივი განზომილება.
„რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, ხელისუფლებას აქვს გრძელვადიანი და ტაქტიკური ამოცანები. მათ ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა აქვთ ხაზარაძის ამ ბაზარზე გააქტიურების შემდეგ, რადგან ეს ანგრევს ორპოლუსიან ნარატივს და მაღალი ალბათობით ხელისუფლება ძალაუფლებას კარგავს. ხელისუფლების ტაქტიკური ამოცანა კი იმაში მდგომარეობს, რომ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით პროცესები გაუპრობლემდათ და არ იციან რა ქნან, ამას ემატება ოქრუაშვილის სკანდალური განცხადებები, შესაბამისად, ხელისუფლებას სჭირდება ამ თემების გადაფარვა და ახალი აქცენტების გაჩენა.
ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს განზომილებაც. ვიცით, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით. ეს ყველაფერი კი დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას იგივე რუსეთთან ურთიერთობაში და ბუნებრივია, ამ ბრალდებების წაყენება ანაკლიის კონსორციუმის (პორტის) ბედს სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს და ფაქტობრივად, შეიძლება ვთქვათ, რომ შეუძლებელს ხდის მის განვითარებას.
ხოლო სამართლებრივ ნაწილზე რომ ვისაუბროთ, “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე” დავა შეიძლება ორ შემთხვევაში. თუ საქმე გვაქვს შავი ფულის გათეთრებასთან, რაც ამ შემთხვევაში სრული აბსურდია. ან, თუ ფული მოიპარე და მიითვისე. მეორე შემთხვევაში უნდა არსებობდეს დაზარალებული. თუ ის არ არსებობს, ესეც აბსურდია. ველოდებით მომჩივანი დაზარალებულის გამოჩენას... პროკურატურამ უნდა წარმოადგინოს დაზარალებული და თუ დაზარალებული არ არის, მაშინ გაუგებარია, რაზე ვსაუბრობთ,“-აღნიშნა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.