მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება დადგენილება, შევა ცვლილება სქემაში, სადაც განისაზღვრება საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ჯილდოს გაცემის საკითხები, - ასე უპასუხა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ კითხვას, თუ როდის მიიღებენ სკოლიდან წასული მასწავლებლები კუთვნილ ჯილდოს.
მისი თქმით, ჯილდო მასწავლებლის ორი წლის ხელფასის ოდენობითაა განსაზღვრული.
"მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება დადგენილება, შევა ცვლილება სქემაში, სადაც განისაზღვრება მასწავლებლებისთვის ჯილდოს გაცემის საკითხები. ჩვენ საუბარი გვაქვს შეთავაზებაზე სახელმწიფო ჯილდოსი პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. ჯილდოს ოდენობა განსაზღვრულია მასწავლებლის ორი წლის ხელფასის ოდენობით", - განაცხადა აბულაძემ.
როგორც მან აღნიშნა, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯილდოს მიღების სურვილი 6000-მდე მასწავლებელმა გამოხატა.
"დღეისათვის, განცხადებების შეგროვება ოფიციალურად ჯერ არ მომხდარა, იმიტომ, რომ განკარგულების პროექტს ველოდებოდით, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით, შეტყობინებებით რესურსცენტრებიდან 6000-მდე მასწავლებელმა გამოხატა სურვილი ჯილდოს მიღების. მას შემდეგ, როგორც კი მთავრობის განკარგულება დამტკიცდება და ეს იქნება უახლოესი მთავრობის სხდომაზე, რესურსცენტრების მეშვეობით, სკოლის ადმინისტრაცია უკვე მასწავლებლებთან მოახდენს შესაბამისი შეთანხმების გაფორმებას, სადაც ჩაიწერება, რომ მასწავლებელი გამოთქვამს სურვილს ჯილდოზე და ასევე ეწერება ის, რომ მასწავლებელი ამ ჯილდოს, იმ შემთხვევაში თუ გამოთქვამს სურვილს, ზაფხულის განმავლობაში მიიღებს შემდეგი აკადემიური წლის დასაწყისისთვის, რომელიც არის სექტემბერი. ასევე იქნება მეორე ეტაპიც ჯილდოს გაცემისა. იცით, რომ შემოდგომაზე ჩვენ განმეორებით გვექნება გამოცდები, ასე რომ შემოდგომაზე ჩვენ გავივლით იგივე პროცესს, გვექნება გამოცდებზე რეგისტრაცია და გვექნება ჯილდოს მსურველებზე რეგისტრაცია. მეორე ეტაპი მასწავლებლებისთვის უკვე დეკემბერ-იანვრის პერიოდში დაიწყება", - განაცხადა აბულაძემ.