ეროვნული ბანკი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე შეფასებებს არ გააკეთებს, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს „თიბისი“ ბანკისა და მამუკა ხაზარაძის საკითხებზე დასმულ კითხვებზე.
„საზედამხედველო ინფორმაცია, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ზედამხედველობის შესახებ არის კონფიდენციალური და ის არ არის ღია ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ჯამურ ინფორმაციას ვაქვეყნებთ და წლიური ანაგარიშიდან ყველას აქვს მასზე წვდომა. კონკრეტულად „თიბისიზე“ ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მოგახსენებთ, რომ როცა მიმდინარეობდა ამ საკითხის განხილვა, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და საზოგადოებას მივაწოდეთ უფრო მეტი ინფორმაციას ამასთან დაკაშირებით. ზოგადად კი ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური და კომენტარს არ ვაკეთებ. მე საკითხზე მქონდა რამდენიმე ვრცელი გამოსვლა, მათ შორის პარლამენტში და ყველა კითხვას ამომწურავად გავეცი პასუხი. ამ წუთებში ეროვნულ ბანკსა და „თიბისი“ ბანკს შორის არანაირი დავა არ არსებობს. „თიბისი“ ბანკი ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სუბიექტია, ის არის ერთ-ერთი ფინანსურად ჯანსაღი ინსტიტუტი და მის რომელიმე მაჩვენებელს ან ფინანსურ მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება“, - დასძინა კობა გვენეტაძემ.