ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დედაქალაქში მიმდინარე წლის სექტემბრიდან გამოჩნდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტამბულიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მერმა ISUZU-ს ფირმის ავტობუსები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ საერთო ჯამში ასეთი 220 ერთეულ ავტობუსი შემოვა. რაც შეეხება MAN-ის ტიპის ავტობუსებს, რომელიც დედაქალაქის მერიას შესყიდული აქვს, ისინი თბილისში აგვისტოს ბოლოს შემოვა.
პირდაპირი ჩართვისას მერმა ასევე აღნიშნა, რომ დამატებით 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. მისი თქმით, 200 ერთეულიდან 100 გაზზე მომუშავე, ხოლო 100 ელექტროავტობუსი იქნება.
„მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შესყიდვაზე გამოვაცხადოთ ტენდერი. დაახლოებით, 200 ერთეულზე, საიდანაც 100 იქნება გაზზე მომუშავე CNG და 100 იქნება ელექტროავტობუსი. ელექტროავობუსებზე ველოდებით დასკვნებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რადგან ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ გამოვაცხადოთ შესყიდვა ელექტროავტობუსებზე. არ ვიცით, როგორი უნდა იყოს ამ ავტობუსების აკუმულატორი, როგორ უნდა იყოს მოწყობილი დამუხტვის სისტემა, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში ინტრასტრუქტურა და ა.შ. ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა კალაძემ.