ირაკლი ლექვინაძე ხაზარაძე-ჯაფარიძეზე - რაც უფრო მეტად იქნება ეს თემა პოლიტიკისგან დაცლილი, მით უფრო მეტად იქნება შესაძლებელი სწორი შედეგი დადგეს

ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ რაც უფრო მეტად იქნება ეს თემა პოლიტიკისგან დაცლილი, მით უფრო მეტად იქნება შესაძლებელი სწორი შედეგი დადგეს ამ საქმესთან მიმართებაში, - ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას.

„რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ გარკვეული ბიზნესმენების მიმართ გარკვეულ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ეს ბიზნესმენები მონაწილეობენ, ბუნებრივია, გარკვეული გავლენა ამ საქმესთან დაკავშირებით ამ პროცესს ექნება. მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ არსებობს შეკითხვები გარკვეული სამართალდამცავი უწყებების მხრიდან, ეს შეკითხვები აუცილებლად უნდა დაისვას და ამ თემებთან დაკავშირებით გარკვეული შედეგი უნდა დადგეს“,- განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, სასამართლოში ყველა მხარეს ექნება პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

"ყველამ კარგად იცის, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, დაწყებულია უკვე დიდი ხანია. ის, რაც გამოცხადდა, გამოცხადდა რეალურად დღეს. ვფიქრობ, რომ პროკურატურის ეს განცხადება გაგრძელდება შემდეგ სასამართლოში და სასამართლოში ექნება ყველას საშუალება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიციები," -აცხადებს ლექვინაძე.