მაკროეკონომიკური გარემო კვლავაც ჯანსაღია, მაგრამ პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაცია დაგვეხმარება, რომ ლარის კურსის სტაბილიზაცია მოხდეს, რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
მინისტრის თქმით, ლარის გაუფასურება ნეგატიური მოლოდინების გამოძახილია, რომელიც რუსეთის მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.
"ეს ნეგატიური მოლოდინების გამოძახილია, რაზეც ვსაუბრობთ და ინვესტორებს შორისაც შეიქმნა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური მესიჯები გავავრცელოთ, მაგრამ არ დაგიმალავთ და ნეგატიური ზემოქმედება მომხდარია. პოლიტიკური არასტაბილურობა რა თქმა უნდა, აჩენს ზოგადად საინვესტიციო არასტაბილურობის განცდას და ეს მათ შორის აისახება სავალუტო კურსზე," - აცხადებს მინისტრი.