"სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ"

"სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ",- ამის შესახებ ბიზნესმენმა, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ანაკლიის პორტის წინააღმდეგაა მიმართული.

"მინდა გითრათ, რომ სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ, რომელიც წელიწადზე მეტი ხანია, რაც გრძელდება. ეს ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პროექტის გასაჩერებლად. ანალოგიური შეტევა იყო იანვარში, ჩვენ 6 თვის განმავლობაში ამან მოგვაყენა ძალიან დიდი ზიანი, როგორც ბანკის საერთაშორისო აქციონერებს, ისე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას. 6 თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების უკან შემობრუნებას. ასევე ჩვენს ხელახლა არჩევას ლონდონში აქციონერთა კრებაზე. სწორედ გუშინ თქვენ იცით, რომ უკვე ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არ არის. დღეს ვიგებთ ასეთი განცხადების შესახებ ისევ ტელევიზიით, ისევ მსოფლიოს გასაგონად, ისევ იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ მამუკა ხაზაძეს კი არა, საქართველოს, მის ფინანსურ ინტერესებს, აქციონერებს და ანაკლიის პროექტს",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

ნინი ქეთელაური