„შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არც ისეთი ბრალიანები არიან, როგორც პროკურატურა აცხადებს მოცემული მომენტისათვის"

მთელი პრობლემა იმაშია, რომ ძალოვან სტრუქტურებს სახელი აქვთ გატეხილი და უნდობლობა, თუნდაც, პროკურატურის მიმართ, აჩენს ეჭვს, რომ ხომ არ არის აქ პოლიტიკური წინაპირობა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის პროკურატურის მიერ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალის წარდგენაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ძალოვანმა სტრუქტურებმა ცუდად იციან ანდაზა, რომ „სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობია“.

„ხელისუფლებამ და განსაკუთრებით ძალოვანმა სტრუქტურებმა ცუდად იციან ქართული ფოლკლორი. კერძოდ, ანდაზა, რომ „სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო“. მთელი პრობლემა იმაშია, რომ ძალოვან სტრუქტურებს სახელი აქვთ გატეხილი და ეს უნდობლობა, რაც ჩვენს სინამდვილეშია, იგივე პროკურატურის მიმართ, აჩენს ეჭვს, რომ ხომ არ არის აქ პოლიტიკური წინაპირობა. თორემ თავისთავად, უამრავი პარტიაა და უამრავ პარტიასთან შეიძლებოდა იგივე საკითხი დამდგარიყო. იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი პარტიაა და საკითხავია, არის თუ არა სახსრების განკარგვაში ყოველთვის კანონმორჩილი?! - შეიძლება დადგეს ეს საკითხი. ახლა ჯერ კაცს პოლიტიკური პრეტენზია არ განუცხადებია და ასე დაუბადებელ ბავშვს ებრძვის ხელისუფლება, ამიტომ პოლიტიკური მოტივი მეეჭვება, მაგრამ იმდენად ხშირად იყო პროკურატურა არაადეკვატური, ხან აგვიანებს, ხან იმ მომენტისთვის ამოწევს თემას, როცა ის პოლიტიკურად ჟღერს, რომ გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ რაღაც პოლიტიკური მოტივებითაც ხელმძღვანელობდნენ. არ ერთ ვერსიას არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი ვარაუდით, ეს პროცესი საბოლოოდ, მშვიდ კალაპოტში გადავა.

„მე მგონია, რომ საბოლოოდ მშვიდობიან კალაპოტში გადავა ეს პროცესი. შეიძლება დროთა განმავლობაში აღმოჩნდეს, რომ ბრალი კი არის წაყენებული, მაგრამ ბრალს კიდევ დამტკიცება და სასამართლო გადაწყვეტილება სჭირდება. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არც ისეთი ბრალიანები არიან, როგორც პროკურატურა აცხადებს მოცემული მომენტისათვის“, - აღნიშნა ექსპერტმა.