ზურაბ ჭიაბერაშვილი: წამლებზე ფასების ზრდა ქართული ოჯახებისთვის საგანგაშოა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი მედიკამენტების გაძვირების შესახებ საუბრობს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ 2014 წლის 21 მაისს საჯაროდ, ტელეკამერების წინ შეიძინა მედიკამენტები თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში და გადაიხადა 22 ლარი და 81 თეთრი. მისივე განცხადებით, ეს თანხა უკვე იმაზე მეტი იყო, რასაც მედიკამენტების ზუსტად იმავე ნაკრებში გადაიხდიდა 2012 წლის შემოდგომაზე.

"2014 წლის 18 აგვისტოს, სხვა პიროვნებას ზუსტად იმავე აფთიაქში მედიკამენტების ზუსტად იგივე ნაკრები შევაძენინე, სადაც უზარმაზარი რიგი იყო, ხალხი 1 სექტემბრამდე იმარაგებს წამლებს და ჯამურმა ფასმა 25 ლარი და 11 თეთრი შეადგინა.

ფასების ზრდამ გასულ 3 თვეში მედიკამენტების ამ ბაზისურ ნაკრებზე დაახლოებით 10% შეადგინა. ეს შეიძლება უმნიშვნელოა რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ოჯახის პირადი ექიმის, დავით სერგეენკოსთვის, მაგრამ უამრავი ქართული ოჯახისათვის ფასების ასეთი ზრდა ძალიან საგანგაშოა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.