მამუკა ხაზარაძე - პროკურატურაში ჩვენმა 5 წუთიანმა დაბარებამ, 8%-ით დააგდო "თიბისი ბანკის" აქციები

პროკურატურაში ჩვენმა 5 წუთიანმა დაბარებამ, 8%-ით დააზარალა "თიბისი ბანკის" აქციები. ამის შესახებ ბიზნესმენმა, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

"მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში. მე არ შევუდგები ბრალეულობაზე კომენტარების გაკეთებას, ეს ადვოკატების საქმეა და აბსოლუტურად ყველაფერი თითიდან გამოწოვილია. ეს უკვე აღარ არის პროკურატურა და ამაში ძალიან ბევრი შტოა. თქვენ გახსოვთ, მე ამას ერთხელ უკვე ვუწოდე ორკესტრირებული შეტევა და ეს არის ამის გაგრძლება, რასაც ძალიან ცუდი დირიჟორები და მუსიკოსები ჰყავს. დღევანდელი ბრიფინგი არის ზუსტად გამეორება იმ წინა ორი ბრიფინგისა, რომელმაც იანვარ-თებერვალში გამოიწვია ჩვენი აქციონერების 200 მლნ-ით დაზარალება. დღევანდელმა ბრიფინგმაც, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ აქ 5 წუთით მოვსულიყავით და რაღაც ქაღალდები გადმოეცათ ჩვენი ადვოკატებისთვის, 8%-ით დააგდო "თიბისი ბანკის" აქციები და ისევ დააზარალეს რამდენიმე ათეული მილიონით ჩვენი ინვესტორები. ეს არის პირდაპირი, მიზანმიმართული ქმედება. მათ ჰგონიათ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააზარალეს, რომლებიც არიან მინორიტარი აქციონერები "თიბისი ბანკში". სინამდვილეში, ისინი აზარალებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს, ეუბნებიან ინვესტორებს, რომ თქვენ აქ უსაფრთხოდ არ ხართ, ვიღაც ჩინოვნიკ, ბიუროკრატ პროკურორს შეუძლია გამოვიდეს და დაანგრიოს რეგიონში ყველაზე წარმატებული ინსტიტუცია, რომელსაც ძალიან სამარცხვინო ეროვნული ბანკის მმართველი ჰყავს. ეს არის ამის მთელი ისტორია",- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

ნინი ქეთელაური