არც ერთი სიტყვის არ მჯერა ამ ბიუროკრატების, რომლებიც ამბობენ, რომ ანაკლია არის სახელმწიფო ინტერესის. არც ერთი მათგანის არ მჯერა, იმიტომ, რომ ყველა ზღვარს გადააცილეს, ყველა ფიცს გადააცილეს მათმა უპასუხისმგებლო და ორპირმა დამოკიდებულებამ ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ, - ამის შესახებ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ანაკლიის პროექტის განხორციელების კუთხით არცერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევენ. ხაზარაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დროა, საქართველოში არაპროფესიონალების და „იმ მინისტრების დრო დასრულდეს, რომლებსაც ცემენტი ბეტონისგან ვერ გაურჩევიათ“.
„რაც შეეხება ანაკლიას, 6 თვე დაგვჭირდა სტაბილიზაციისთვის, აქციონერებს და ინვესტორებს ეს დრო დასჭირდათ გასარკვევად, რომ არაფერი მსგავსი 12 წლის წინათ არ მომხდარა, რომელიც ჩვენს რეპუტაციას და საქმიანობას ხელს შეუშლიდა. ეს ჩვენ დავასტაბილურეთ, მოტრიალდნენ ინვესტორები, გავაფორმეთ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები, რომლებიც დღე-დღეზე უნდა წარგვედგინა სახელმწიფოსთვის და გუშინ იყო პირველი სიგნალი, როცა მინისტრმა თქვა, რომ პროგრესი არ გვაქვს, დღეს კი გამოდის პროკურატურა და ბრალს გვიყენებს. მე გეუბნებით, რომ ეს არის მიზანმიმართული ჩვენი მომავლის პროექტის მიმართ.
არც ერთი სიტყვის არ მჯერა ამ ბიუროკრატების, რომლებიც ამბობენ, რომ ანაკლია არის სახელმწიფო ინტერესის. არც ერთი მათგანის არ მჯერა, იმიტომ, რომ ყველა ზღვარს გადააცილეს, ყველა ფიცს გადააცილეს მათმა უპასუხისმგებლო და ორპირმა დამოკიდებულებამ ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან - ანაკლია აუცილებლად აშენდება. ჩვენ ახლა ვფიქრობთ მექანიზმებზე, როგორ ჩავრთოთ საერთაშორისო პარტნიორები, რომ ეს ყველაფერი დავიცვათ. როგორც მოვიტანეთ აქამდე, ჩვენ ამას გავაკეთებთ და ეს ზღაპრები მინისტრების, რომლებიც ვერ ერკვევიან, ცემენტი როგორ გაარჩიონ ბეტონისგან, უნდა დამთავრდეს საქართველოში. არაპროფესიონალების დრო უნდა დამთავრდეს და დაიწყოს შენების და აღმშენებლობის დრო“, - განაცხადა ხაზარაძემ.