ზვიად კორძაძე - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე - 1995 წლიდან ვარ ადვოკატი და ასეთი აბსურდული ბრალის დადგენილება დღემდე არ მინახავს

1995 წლიდან ვარ ადვოკატი და ასეთი აბსურდული ბრალის დადგენილება დღემდე არ მინახავს, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს, პროკურატურაში განუცხადა, სადაც გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემდა ბადრი ჯაფარიძემ გაათეთერეს „თიბისი“ ბანკის ფული.

„კითხვაზე, რა არის მთავარი არგუმენტი, შემიძლია გიპასუხოთ - არაფერი. მე 1995 წლიდან ვარ ადვოკატი და ასეთი აბსურდული ბრალის დადგენილება დღემდე არ მინახავს. ამ ბრალის დადგენილებას, გარდა სათაურისა, არაფერი ფულის გათეთრებასთან საერთო არ აქვს. ეს დოკუმენტი არის პროკურატურის დაცინვა. ძალიან ცუდია, რომ პროკურატურას და იმ კვალიფიციურ გამომძიებლებს, რომელიც პროკურატურას ჰყავს და ამ საქმეზე მუშაობენ, ასეთი ფორმით გამოაქვთ საბოლო ჯამში ეს დადგენილება. კოდექსში ასე წერია, რომ ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაათეთერეს თიბისი ბანკის ფული. ეს პირველი, მეორე კურსის პროგრამაა სტუდენტებისთვის, ვინც ამას ვერ გაცდება, მესამე კუსზე ვერ გადადის. მუხლი, რომელიც დარჩა, არის ფულის გათეთრება. არავითარი საერთო ამ შემთხვევას ფულის გათეთრებასთან არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.