მამუკა ხაზარაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა 130 მილიონი დოლარით იზარალეს

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ აქციონერებმა დღეს 130 მილიონი დოლარით იზარალეს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც იცით, დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმალობაში მძიმე შედეგი მიაყენა თიბისი ბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ-თებერალში, დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12% გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციონერებმა დღეს 130 მილიონი დოლარით იზარალეს. წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ჰქონდა.

ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ.

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები. ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამდე, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი . ჩვენ გვჯერა, რომ ინსტიტუტი რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!!“, - წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.