კონკურენციის სააგენტომ TAV Georgia-სგან ინფორმაცია გამოითხოვა

კონკურენციის სააგენტომ „ტავ ურბან საქართველოსგან“ ინფორმაცია გამოითხოვა. სააგენტოს ცნობით, მათთვის ინტერნეტ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ „ტავ ურბან საქართველომ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესი გამოთქვა.

„გამომდინარე იქედან, რომ საკითხი მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლების მინიჭებას ეხება, კონკურენციის სააგენტოს მიზანია - შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესში კონკურენციის წესები და პირობები სრულად იყოს დაცული. თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოითხოვა. კერძოდ, რა ფორმით გეგმავს „ტავ ურბან საქართველო“ შესაბამისი გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას და შერჩევას.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ „ტავ ურბან საქართველოს“ განემარტა, რომ მგზავრთა გადაყვანის მომსახურების გამწევი კომპანიისათვის ექსკლუზიური უფლების გადაცემა საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა განხორციელდეს“,-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის TAV Georgia-ს მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებასთან დაკავშირებით,“ბიზნესპრესნიუსი“ რამდენიმე დღის წინ წერდა. საუბარია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლებების მოპოვებაზე.

თაია არდოტელი