Samsung-ის პირველი კეცვადი სმარტფონი Galaxy Fold-ი ეკრანის ხარვეზის გამოსწორების შემდეგ კვლავ მზადაა ბაზარზე გასასვლელად.
კომპანიის განცხადებით, მისი დახლებზე დაბრუნება სექტემბერში მოხდება.
როგორც ცნობილია, Galaxy Fold გაყიდვაში აპრილში უნდა გამოსულიყო, თუმცა, წინასწარი სატესტო ვარიანტების ჩაშვების შემდეგ გაირკვა, რომ მისი ეკრანი, სწორედ იმ ადგილებში სადაც იკეცებოდა, მყიფე და მტვრევადი იყო. ახლა კი, კომპანია აცხადებს, რომ ეს პრობლემა გამოასწორა და 2,000 დოლარიანი სმარტფონი ბაზარზე დასაბრუნებლად მზადაა.
როგორც ცნობილია, თავის დროზე კომპანია ერთგვარ რბოლაში იყო ჩართული კონკურენტებთან თუ რომელი მათგანი გაიტანდა პირველად კეცვად სმარტფონს ბაზარზე. ანალოგიური ფუნქციის სმარტფონებზე მაშინ ჩინური კომპანიები Huawei და Xiaomi-ც მუშაობდნენ. ორივე მათგანმა საკუთარი კეცვადი სმარტფონების პროტოტიტები უკვე წარმოადგინეს. თუმცა, აღნიშნული მოდელები ბაზარზე გასაყიდად ოფიციალურად ჯერ მათაც არ გაუტანიათ.