"ხაზარაძეს და ჯაფარიძეს წინასწარ პატიმრობას არ მიუსჯიან, მათ გირაოთი გამოუშვებენ, მაგრამ არ მისცემენ განძრევის საშუალებას",- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.
მისი თქმით, მიზანიც ეს იყო, "ორი კურდღლის დაჭერა, პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალება და ანაკლიის გაჩერება".
"ბიზნესპრესნიუსი" რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"იმ მუხლით, რა მუხლითაც არის ბრალი წაყენებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისადმი, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე ლმობიერი მიდგომების მქონე ქვეყნების კანონმდებლობითაც კი გათვალისწინებულია წინასწარი პატიმრობა და პრაქტიკაში თითქმის ყოველთვის აღესრულება ხოლმე.
საქართველოში პოლიტიზებულ შემთხვევებში სასამართლო რომ არაფერს წყვეტს, ყველამ ვიცით. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს წინასწარ პატიმრობას დღეს არ მიუსჯიან. ეს იქნება განხილული, როგორც ანაკლიის პორტის მშენებლობის აშკარა დასამარება ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება სხვა ხაზს ავითარებს-”ანაკლიის კონსორციუმი” ხაზარაძის, ჯაფარიძის და კონტი ჯგუფის სახით არის უვარგისი, რადგან ვერ მოიზიდა ბანკებიდან საჭირო ფული. პროექტის ჩაშლა ამათ უნდა დაბრალდეს და არა ივანიშვილს. ამიტომ, დღეს მათ გირაოთი გამოუშვებენ, მაგრამ არ მისცემენ განძრევის საშუალებას. მიზანიც ეს იყო, ორი კურდღლის დაჭერა, პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალება და ანაკლიის გაჩერება",- წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.