ახლა მნიშვნელობა არ აქვს ეს ხალხი ციხეში იქნება თუ არა, „ოცნებამ“ უკვე გააფუჭა საქმე და სასამართლომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ისინი რომც არ დააპატიმროს, „ოცნებაში“ თავის სასარგებლოდ, მოწინააღმდეგესთვის მოქნეული ჯოხი, თავში უკვე მაგრად გაირტყეს, - ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა, „ინტერპრესნიუსთან“ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის ოფიციალურად გაცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ უგუნურ ნაბიჯს დგამს, როცა ბიზნესს ებრძვის.
„ისე როგორც „ქართული ოცნება“ თავის თავს ვნებს, ასე არავინ არ ვნებს მას. „ქართული ოცნება“ უგუნურ ნაბიჯს დგამს, როცა ასეთ საეჭვო ვითარებაში ბიზნესს ასე ებრძვის. როგორც კი ხაზარაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა, მაშინ ამოქმედდა ეს მექანიზმი. აშკარად პირველი განწყობა არის ის, რომ ამას აქვს პოლიტიკური სარჩული, როცა მმართველი ძალა ასე უხეშად და უტიფრად ებრძვის წამყვან ბიზნესს, ანგრევს სახელმწიფოს ინტერესებს და ეჭვქვეშ აყენებს ინვესტორების ინტერესებს საქართველოში. ახლა მნიშნელობა არ აქვს ეს ხალხი ციხეში იქნება თუ არა, „ოცნებამ“ უკვე გააფუჭა საქმე. სასამართლომ უკვე როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს და ისინი რომც არ დააპატიმროს, მან თავის სასარგებლოდ, მოწინაღმდეგესთვის მოქნეული ჯოხი თავში უკვე მაგრად გაირტყა“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, ამ ფაქტის შემდეგ, ბევრი წამყვანი ინვესტორი დაფიქრდება ღირს თუ არა საქართველოში ფულის ჩადება იმ ფონზე, „როცა ასე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად აწიოკებენ წამყვან და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბიზნესმენს“.
„საინვესტიციო მიმზიდველობა მცირდება. როცა ვამაყობთ, რომ საქართველოში კარგი საინვესტიციო ვითარებაა და ბიზნესის წარმოება იოლია, ძალიან ბევრი ძლიერი, წამყვანი ინვესტორები დაფიქრდებიან ღირს კი საქართველოში ფულის ჩადება, როცა ასე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად აწიოკებენ წამყვან და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბიზნესმენს. ვინც აქ ფულს აკეთებს, მას აზარალებს ეს პოლიტიკა. ეს არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ინიციატივა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს და საქართველოს საინვესტიციო გარემოს აზარალებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენა, რასთან დაკავშირებითაც უწყებაში განცხადება გუშინ გაკეთდა. უახლოეს დღეებში პროკურატურამ სასამართლოს ხაზარაძისა და ჯაფარისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე შუამდგომლობით უნდა მიმართოს, თუმცა კონკრეტულად რა სახის აღკვეთის ღონისძიებას მოითხოვს საგამოძიებო უწყება, ჯერ უცნობია.