"მთავრობა ერევნის გავლით ერთი რუსი ტურისტის ჩამოყვანაში ქართულ ავიაკომპანიას 290 ლარს ჩუქნის, რაც სრული სისულელეა"

თუკი მთავრობა ჩვენი ჯიბიდან აპირებს ტურისტების შემოყვანას, რაღა რუსეთიდან - მაშინ ირლანდიელი ან ესპანელი შემოგვეყვანა, მეტს მაინც დახარჯავდა, - ასე ეხმაურება რუსეთიდან ფრენების სუბსიდირების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ერევნის გავლით თვითმფრინავით ერთი რუსი ტურისტის ჩამოყვანაში ქართულ ავიაკომპანიას ჩუქნის 290 ლარს.

„ეს არის სრული სისულელე. თუ ჩვენი ჯიბიდან აპირებენ ტურისტების შემოყვანას, რაღა რუსეთიდან შემოჰყავს, მაშინ ირლანდიელი ან ესპანელი შემოგვეყვანა, მეტს მაინც დახარჯავდა. ზოგადად, სუბსიდირება არის მავნებლობა", - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრო გამოყო. მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.

დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით შეასრულებს. ასეთ მიმართულებად, კი რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები ითვლება.