"საქართველოს ორი გზა აქვს - ან იქცეს მიზიდულობის ცენტრად კავკასიაში, ან გახდეს გუბერნია!"

"საქართველოს ორი გზა აქვს - ან იქცეს მიზიდულობის ცენტრად კავკასიაში, ან გახდეს გუბერნია!", - ამის შესახებ HUB Georgia-ს გამგეობის წევრის, გიორგი კოდუას განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ის "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის ოფიციალურად გაცნობას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, HUB Georgia შეშფოთებულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებით, რადგან პერსონალური დარტყმები პროექტის განმახორციელებელ პირებზე, ქმნის არაპროგნოზირებად გარემოს პოტენციური ინვესტორებისთვის და უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს პროექტს.

"ბიზნესპრესნიუსი" გიორგი კოდუას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia შეშფოთებულია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტის-ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებით. პერსონალური დარტყმები პროექტის განმახორციელებელ პირებზე, რასაც ადგილი აქვს ბოლო თვეების განმავლობაში, ქმნის არაპროგნოზირებად გარემოს პოტენციური ინვესტორებისთვის და უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს პროექტს. ხელისუფლების წარმომადგელები, ერთი მხრივ აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, თუმცა მეორე მხრივ, ამ განცხადებების საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ, რაც პროცესისთვის დამაზიანებელია და ეს ხელისუფლემას კარგად უნდა ესმოდეს.

ჯერ კიდევ 2019 წლის იანვაში ვივარაუდეთ, რომ პროკურატურის მიერ, ,,ანაკლიის კონსორციუმის” დამფუძნებლების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, რომელიც 10 წლის წინანდელ საქმეს ეხებოდა, სწორედ პორტის მშენებლობას უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, მას შემდეგ ჩვენი ეს ვარაუდი არაერთხელ გამართლდა. ხელისუფლება საკითხს ზუსტად იმ პერიოდებში ააქტიურებდა, როცა პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო მიღებული.

საქართველოს ორი გზა აქვს - ან იქცეს მიზიდულობის ცენტრად კავკასიაში, ან გახდეს გუბერნია! რეგიონულ ჰაბად ჩამოყალილება კი, სწორედ ანაკლიის პორტის მსგავსი მეგა-პროექტების განხორციელებით არის შესაძლებელი. ეს არის პროექტი, რომელმაც შესაძლოა ჩვენი ქვეყნის შემდგომი 50 წლიანი განვითარების ვექტორი განსაზღვროს, ეს არის პროექტი, რომლისგანაც სარგებელი მომავალმა თაობებმა უნდა მიიღონ! მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესების გამო, ნუ დააზიანებენ ქვეყნის სამომავლო პერსპექტივას და ნუ დაუკარგავენ საქართველოს რეალური ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შანსს!!",- ნათქვამია განცხადებაში.