„ევროპული საქართველო“ მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 600,000 ევრო (დღევანდელი კურსით მილიონ 900 ათასი ლარის) რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებისთვის დაიხარჯება.
როგორც გიორგი კანდელაკი აღნიშნავს, რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია.
„ჩვენი აზრით, ასეთი ხარჯის გაღება, მითუმეტეს, რომ მგზავრთა რაოდენობაზე გადაანგარიშებით, მგზავრზე 90 ევრო გამოდის, არის ძალიან მცდარი. რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მაშინ, როცა მთავრობა ჯერ კიდევ აჭიანურებს „რაინეართან“ კონტრაქტის ხელმოწერას, ასევე სრულიად არასწორი პოლიტიკური სიგნალია. მთავრობისვე ოფიციალური სტატისტიკით, ერთი ბრიტანელი ან გერმანელი ვიზიტორი ხარჯავს სამჯერ უფრო მეტს, ვიდრე ერთი რუსი ვიზიტორი. ამის გათვალისწინებით, „ევროპული საქართველო“ იმეორებს მოწოდებას, გააფორმოს კონტრაქტი წამყვან დაბალბიუჯეტიან კომპანია „რაინეართან“, რომელსაც რუსეთიდან ფრენების აკრძალვით გამოწვეული დანაკლისის კომპენსირება და დანაკლისზე ბევრად მაღალი შემოსავლის უზრუნველყოფა თავისუფლად ძალუძს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოდან“ პარლამენტის წევრმა.
ამასთან, გიორგი კანდელაკმა დასძინა: „ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, „რაინეარს“, რომელსაც ფრენები ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა დაეწყო, შეუძლია ჩვენს ქვეყანაში პირობითად მილიონი გერმანელის ჩამოყვანა, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის გარღვევა იქნებოდა. მასთან კონტრაქტის ხელმოწერის კიდევ უფრო გაჭიანურება სრულიად გაუგებარია“, - განაცხადა კანდელაკმა.
„ევროპული საქართველო“ საზოგადოებას შეახსენებს, რომ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოებს ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს, რის გამოც „ვიზეარი“ ახალ საკუთარი სურვილის მიხედვით ვერ ამატებს.