თბილისის საკრებულომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი თბილისის ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამოქმედო გეგმა მომავალი 5 წლის განმავლობაში განსაზღვრავს დეტალურ ღონისძიებებს ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის დასანერგად.
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის შემცირების ხელშეწყობას, ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების მოწესრიგებულ სისტემის განვითარებას, სეპარაციაზე ეტაპობრივ გადასვლას, ნაგავმზიდი მანქანების ქაოტური გადაადგილების აღმოფხვრას, კონტეინერების დამატებით განთავსებას, ინერტული და სხვა სამშენებლო ნარჩენების სწორად მართვას, ასევე, დანაგვიანებაზე კონტროლის გამკაცრებას.
ამ პროცესებში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსაც. ამ მიზნით თბილისში სხვადასხვა მისამართზე უკვე განთავსდა სეპარირების სტენდები და ურნები, სადაც ხდება ნარჩენების დახარისხება. გარდა ამისა, ჭავჭავაძის გამზირის მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, უკვე გათვალისწინებულია სეპარირების მიწისქვეშა ურნები.
მერიის ცნობით, 5-წლიანი სამოქმედო გეგმის პარალელურად, მუნიციპალიტეტი იწყებს 15-წლიან სტრატეგიაზე მუშაობას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დანერგავს ნარჩენების მართვის თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოდელს.
გეგმის დამტკიცების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში, სადაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო გამოეთქვა თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები. გარდა ამისა, საკრებულოს მხარდაჭერით მოეწყო გეგმის საჯარო განხილვა.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის პროექტი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით, CENN-ის ორგანიზებით, USAID-ის მიმდინარე პროგრამის - ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ფარგლებში მომზადდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.