ქალაქ მცხეთის ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდა

ქალაქ მცხეთის ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდა.

როგორც ამხანაგობა „აქოლისიდან“ იუწყებიან, ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამხანაგობა „აქოლისმა“ დაფარვითი ინვენტარიზაციის შედეგად მცხეთის დასახლებებში არსებული ყველა შენობა-ნაგებობა სახელოვნებათმცოდნეო, მხატვრულ-არქიტექტურული კუთხით შეისწავლა.

„ჩატარებული სამუშაოს ფარგლებში გამოვლინდა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ახალი ობიექტები, რომელთაც მიეცა რეკომენდაცია ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე; ძეგლის სტატუსი დამატებით ფასეულობას შესძენს ობიექტებს, რაც ადგილობრივებისთვის გაზრდის ეკონომიკური სარგებლის პოტენციალს. კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, რომელნიც არ საჭიროებენ ძეგლის სტატუსის მინიჭებას, რადგან წარმოადგენს ე.წ. ფონურ ნაგებობებს; მოხდა უკლებლივ ყველა ობიექტის დეტალური ფოტოფიქსაცია.

ველზე სამუშაოები ახალი, ექსპერიმენტული ფორმით მიმდინარეობდა, რომლის დროსაც მომიჯნავე დარგის წარმომადგენლები ერთდროულად შედიოდნენ თითოეულ ობიექტზე, ავსებდნენ მოცემული პროექტისათვის საგანგებოდ შექმნილ სააღრიცხვო ბარათებს რის საფუძველზეც, ერთობლივი მსჯელობით შეიმუშავეს რეკომენდაციები მოცემული შენობისათვის საჭირო სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებებისა და ჩარევის ფორმის თაობაზე,“ - აცხადებენ „აქოლისში“.

მათივე განამარტებით, ყოველი ობიექტი დატანილია შესაბამის რუკაზე. არსებული მასალა საბოლოოდ ინტეგრირდა გის მონაცემთა ბაზის ფორმატში. აქვე უნდა ითქვას, რომ მოცემული დაფარვითი ინვენტარიზაციისათვის შემუშავებული სააღრიცხვო ბარათი, რომლის დამუშავებაც ხდება გის მონაცემთა ბაზაში, სხვადასხვა სახის ინფორმაციის შემცველი თემატური რუკების სერიების მომზადების საშუალებას იძლევა, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ანალიტიკური ინსტრუმენტია პროექტისათვის.

ცნობისთვის, საველე სამუშაოებში, დარგობრივი მიმართულებით, ჩართულები იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის 30 სტუდენტი. ამხანაგობა „აქოლისი“ მათ ყველა სამუშაო ეტაპზე აძლევს პრაქტიკული სამუშაოს განხორციელების შესაძლებლობას.

დაფარვითი ინვენტარიზაციის დროს ექსპერტთა მიერ თითოეულ ობიექტზე, მათ შორის უკვე არსებულ ძეგლებზეც, ხელახლა განისაზღვრა სარეკომენდაციო სტატუსი.