საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა ქვეყნის დასავლური ორიენტაცია დააყენოს ეჭვქვეშ, შეტევა ამჟამად ანაკლიის კონსორციუმზე მიმდინარეობს და ეს არ არის ერთი კონკრეტული ბანკის მიმართ პრეტენზიები ივანიშვილის მხრიდან. ასე ხედავს ამერიკა, ასე ვხედავთ ჩვენც და საქართველოს საშინაო, დემოკრატიული რესურსები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ივანიშვილის დროს ჩამორჩენილი ხელისუფლება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ყოფილმა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული მიმართვის შეფასებისას განაცხადა.
დავით ბერძენიშვილის განმარტებით, „რუსთავი 2“ - ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო მითითებებს არაადეკვატურად აფასებს.
„ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ანაკლიის პორტი შედის საქართველოს ინტერესებში და დაიცვა პორტი ხელისუფლების შესაძლო შეტევისგან. ხელისუფლებამ მაინც შეუტია მამუკა ხაზარაძეს და ამერიკის საელჩომაც პრაქტიკულად დაადასტურა ის, რაც მანამდე პომპეომ განუცხადა ხელისუფლებას უფრო პირდაპირ და უფრო მკაფიოდ. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა საქართველოს დასავლური ორიენტაცია დააყენოს ეჭვქვეშ, შეტევა ამჟამად ანაკლიის კონსორციუმზე მიმდინარეობს და ეს არ არის ერთი კონკრეტული ბანკის მიმართ პრეტენზიები ივანიშვილის მხრიდან. ასე ხედავს ამერიკა, ასე ვხედავთ ჩვენც და საქართველოს საშინაო, დემოკრატიული რესურსები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ივანიშვილის დროს ჩამორჩენილი ხელისუფლება.
ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ შეუძლია დაუშვას მისგან უკონტროლო არც პოლიტიკა, არც ეკონომიკა, არც ბიზნესი და ამიტომ ანაკლიის პორტს ერჩის. ანაკლიის პორტი არის არამარტო ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოებითი პროექტიც. ეს ჩვენს ხელისუფლებას ძალიან მკაფიოდ უთხრა ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ სახელმწიფო მდივანმა და ახლა, რაკი ყურად არ იღო ივანიშვილმა, საელჩომაც. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილების მერე „ხსნილი“ აქვს და ამის შემდეგ არაადეკვატურად აფასებს მითითებებს. მან ჩათვალა, რომ რაკი ევროპიდან მიიღო დასტური, რომ „რუსთავი 2“-ს შეუძლია შეუტიოს, კარგი იქნებოდა მოესინჯა, რომ მეორე მხრიდანაც მიიღოს დასტური და ხაზარაძეს ანუ ანაკლიის პორტის დასავლურ პროექტს შეეწინააღმდეგოს. ბიძინა ივანიშვილს არ გამოუვა არც თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა და არც იმდენი ძალა არ აქვს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს პირდაპირ დაუპირისპირდეს,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის საელჩომ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში მთავრობის მხრიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გადაწვეტილება დაგმო. "მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში.
ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.