„ბოინგმა", შესაძლოა, 737 Max-ის წარმოება შეაჩეროს იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანიები მას ფრენების განხორციელების უფლებას არ მისცემენ.
კომპანიამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე დიდი კვარტალური ზარალი დააფიქსირა, რომელმაც 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც განპირობებულია იმით, რომ ავიაკომპანიებმა 737 Max-ით ავიარეისების განხორციელებაზე უარი თქვეს. თუმცა Boeing-ის ხელმძღვანელი, დენის მუილენბერგი დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავი ფრენების განხორციელებას უკვე მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაუბრუნდება.
მუილენბერგის თქმით, სანამ მიმდინარეობს მუშაობა და მოლაპარაკებები თვითმფრინავის უსაფრთხო დაბრუნებაზე, ასევე გაგრძელდება მის სამომავლო გეგმებზე მუშაობაც, თუმცა თუ მოლაპარაკება გახანგრძლივდება და ზარალის რაოდენობა გაიზრდება, კომპანიას ალტერნატიული ზომების მიღება მოუწევს, რაც გულისხმობს კიდეც თვითმფრინავის წარმოების შეწყვეტას.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით 737 Max-ის მომსახურებაზე ავიაკომპანიებმა უარი მას შემდეგ თქვეს, რაც მისი მონაწილეობით ბოლო ერთი წლის განმავლობაში 2 ავიაკატასტროფა მოხდა, რომელმაც ჯამში 346 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ავიაკომპანიამ იმ ხარვეზების გამოსწორება დაიწყო, რომელთა არსებობაც მარეგულირებელმა მიუთითა. შესაბამისად, Boeing, რომელსაც მომხმარებელი 150 ქვეყანაში ჰყავს, ჯერ კიდევ ელოდება მარეგულირებლის ნებართვას, რათა ფრენები განაახლოს.
სალომე აბულაშვილი