ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისის“ აქციებზე ფასი კვლავ ეცემა. კერძოდ, ვაჭრობის დაწყებისას, ერთი აქციის ფასი 13.26 გირვანქა სტერლინგით დაიწყო, ამ ეტაპზე კი 12.76 გირვანქა სტერლინგია. აქციების ფასი 2.89%-ით არის შემცირებული.
ამასთან, ამ ეტაპზე „თიბისის“ საბაზრო კაპიტალიზაცია 724.75 მლნ გირვანქა სტერლინგია. მაშინ როცა გუშინ ამ დროს 821.82 მლნ გირანქა სტერლინგი იყო.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
პროკურატურის განცხადების შედეგად, გუშინ „თიბისის“აქციები თითქმის 12%-ით გაუფასურდა. ამასთან, გუშინ ღამევე მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა განცხადება, რომ ის და ჯაფარიძე ტოვებდნენ TBCBANK GROUP-ის ხელმძღვანელ თანამდებობებს.
დღეს კი აღნიშნულთან დაკავშირებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ჯგუფის“ განცხადებაც გამოქვეყნდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადადგომის გადაწყვეტილება თავად ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მიიღეს. ამასთან, „თიბისი ჯგუფის“ განცხადებით, ისინი სრულ ნდობას უცხადებენ ხაზარაძე-ჯაფარიძეს და აღნიშნავენ, რომ როგორც კი მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პასუხი გაეცემა, ისინი დაბრუნდებიან TBCBANK GROUP-ის საბჭოში. მათივე ცნობით, დროებით „თიბისი ჯგუფის“ სამეთყვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძეს ნიკოლოზ ენუქიძე ჩაანაცვლებს.