"შესაძლოა, გავამარტივოთ პროცედურები, რათა საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩასართავად მეტი ბენეფიციარი მოვიზიდოთ"

ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში შესაძლოა გვქონდეს ცალკე კრიტერიუმები სასტუმროებზე და შესაძლოა უფრო გავამარტივოთ ტურიზმის კუთხით პროცედურები, რათა მოვიზიდოთ უფრო მეტი ბენეფიციარი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩასართავად, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ ღოღობერიძემ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ტურიზმის მიმართულებით გადაწყობის კომენტირებისას განუცხადა.

კითხვაზე, რას გულისხმობს ეკონომიკის მინისტრის მიერ დაანონსებული „საკრედიტო-საგარანტიო სქემის ძირითადად ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნებისთვის გადაწყობა, ავთანდილ ღოღობერიძე აცხადებს, რომ უწყება ამ მიმართულებით მუშაობს და შესაძლოა, სქემაში ჩართვა მეტად გამარტივდეს ტურიზმის სექტორის წამომადგენლებისთვის.

მისივე თქმით, ბიზნესის წამომადგენლებს უკვე შეუძლიათ მიმართონ ბანკებს.

„ხელშეკრულება გავაფორმეთ 12 კომერციულ ბანკთან, ბიზნესის წარმომადგენლებს დღეიდან შეუძლიათ ამ კომერციულ ბანკებს მიმართოს. მას შემდეგ, რაც კომერციული ბანკი დაუმტკიცებს სესხს, დოკუმენტაცია იგზავნება ჩვენთან. ჩვენ სფეროების მიხედვით გვაქვს განსაზღვრული წარმოების მიმართულებები, თუ ამ სფეროში იქნება ბიზნესი და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, შეეძლებათ საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვა.

პრიორიტეტული მიმართულებების ვრცელი სიაა, მათ შორისაა სასტუმრო ინდუსტრია, წარმოება და გადამუშავება, საქმიანობა საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში, მომსახურების ფართო სპექტრი, კვლევები და დამუშავებები“, -აცხადებს ღოღობერიძე.

ცნობისთვის, საკრედიტო - საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მლნ ლარი საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის.