ევროპის კავშირი მზადაა, რომ 39 მილიარდი დოლარის ამერიკულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები გაზარდოს. თუმცა, ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ევროპულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფებს გაზრდის.
ბლუმბერგის ინფორმაციით, ევროპის ვაჭრობის კომისიონერმა სესილია მალმსტრომმა გამოაქვეყნა გეგმა, რომლის შესაბამისადაც, ევროპული ბლოკი ტრამპის ქმედებისადმი საპასუხო ნაბიჯებს განახორციელებს. მისივე თქმით, ევროკავშირი აშშ-ის მხრიდან, საავტომობილო ექსპორტის შეზღუდვაზე, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბაბით განხორციელდება, ყოველგვარ მოთხოვნას უარით უპასუხებს.
პირვანდელი გეგმით, ევროპა 22 მილიარდი დოლარის ამერიკული პროდუქციის საბაჟო ტარიფების გაზრდას გეგმავდა, მაგრამ სავაჭრო სტატისტიკის გადახედვის შემდეგ, ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა.
„ჩვენ არ შევურიგდებით ვაჭრობაში ჩარევას, რომელიც ტარიფების ზრდასა და ექსპორტის ხელოვნურად შეზღუდვაში შეიძლება აისახოს. და თუ მათგან ტარიფები გაიზრდება, ჩვენ ბალანსის აღდგენა მოგვიწევს. უკვე მომზადებულია პროდუქციის სია, რომელთა ჯამური ღირებულებაც 35 მილიარდ ევროს აღწევს“, - ევროპის პარლამენტის კომიტეტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა მალმსტრომმა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ქმედება საჭირო არ გახდება.
ტრამპის ადმინისტრაცია იმუქრება, რომ ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებს 25 პროცენტით დაბეგრავს. ეს ნიშნავს, რომ თითო ევროპული ავტომობილის ფასი საშუალოდ 11 000 დოლარით გაიზრდება.
ცნობისათვის, შარშან ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საბაბით, ევროპაში წარმოებული ფოლადი და ალუმინი შესაბამისად, 25 და 10 პროცენტით დაბეგრა, რაც ევროპაში წარმოებული ავტომობილების ღირებულებაზე უკვე აისახა.