ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ყაზახეთში პრეზენტაცია გამართა

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ყაზახეთში გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ, ყაზახეთის ქალაქ ალმატში ადგილობრივი წამყვანი ტუროპერატორებისათვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.

„ღონისძიება ავიაკომპანია „Air Astana”-სთან თანამშრომლობით გაიმართა. პრეზენტაციას ყაზახეთის 35-ზე მეტი ტუროპერატორი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 20 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ქართული კერძო სექტორისა და ყაზახეთის საქმიანი ტურიზმის სფეროს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა B2B ფორმატში შეხვედრები გამართეს“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ყაზახეთში ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ცნობადობის ასამაღლებელი ღონისძიება გაიმართა. ყაზახეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან ის მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს“, -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურისტული ნაკადების მოზიდვის თვალსაზრისით ყაზახეთი საქართველოსათვის დინამიურად მზარდ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 6 თვეში, ყაზახეთიდან საქართველოში 33,272 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67.2 %-ით მეტია.