კონკურენციის სააგენტომ ქსელური მარკეტების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი დაიწყო.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მონიტორინგი ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის“ მომართვისა და საქართველოს პარლამენტის წევრის - ბექა ნაცვლიშვილის წერილის საფუძველზე დაიწყო.

„აღნიშნული საკითხი ერთის მხრივ მნიშვნელოვანია მომხმარებლის კეთილდღეობის კუთხით, ვინაიდან სწორედ ამ ობიექტებში ხდება სამომხმარებლო კალათის დიდი ნაწილის საცალო რეალიზაცია, მეორე მხრივ კი აღნიშნული ობიექტები უკავშირდება არაერთ სასაქონლო თუ მომსახურების ბაზარს, რომელზეც მოქმედებენ მცირე და საშუალო ზომის კომპანიები, როგორც მწარმოებლის, ასევე დისტრიბუტორის რანგში.

სააგენტოს მიზანია გააანალიზოს შესაბამის საბაზრო სექტორში არსებული კონკურენტული გარემო, რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.

სააგენტო აქვე მოუწოდებს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, თუ მათ გააჩნიათ ნებისმიერი რელევანტური ინფორმაცია იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, არსებობდეს შესაბამის ბაზარზე, ან აქვთ შესაბამისი რეკომენდაციები, წერილობით მომართონ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით,“-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

თაია არდოტელი