ამას არ უნდა ალბათ დიდი ცოდნა და განათლება, რომ მიხვდე, რომ როდესაც ბიზნესმენს ბიზნესი აქვს და ასეთ ბრალდებას უყენებენ, ეს ნეგატიურად აისახება მის ბიზნესზე,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული ბრალის კომენტირებისას განუცხადა.
გიორგი ქობულიას თქმით, უშუალოდ ბრალდებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
კითხვაზე, უარყოფითად აისახება თუ არა მიმდინარე პროცესები ანაკლიის პორტზე, ქობულია აცხადებს, რომ როდესაც ბიზნესმენს ასეთ ბრალდებას უყენებენ, ცხადია, რომ ეს მის ბიზნესზე უარყოფითად აისახება.
„რა თქმა უნდა, როდესაც ბიზნესმენს აქვს ბიზნესი და ამ ბიზნესმენის მიმართ ასეთი ბრალდებაა წაყენებული, ეს მის ბიზნესზე პოზიტიურად ვერანაირად ვერ აისახება,“-აცხადებს გიორგი ქობულია.
მისივე თქმით, არ სჯერა, რომ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ანაკლიის პროექტის წინააღმდეგაა მიმართული.