კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1,068.56 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 1,068.56 მლნ ლარით (3.87 %-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.16 %-ით) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 28.70 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 418.98 მლნ ლარით (3.50 %-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 649.58 მლნ ლარით (4.15%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.13 %-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2019 წლის ივნისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.74 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.39%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 9.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.51%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე - 2.42%-ით მეტი).

2019 წლის ივნისის განმავლობაში 2.19%-ით ანუ 318.75 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 14.89 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.17% შეადგინა. 2019 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.15 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.57 პროცენტული პუნქტით)“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი