თანამედროვე სამყაროში კონკურენციასთან გასამკლავებლად საჭიროა, თქვენი მარკეტინგული სტრატეგია იყოს მეტი, ვიდრე ტრადიციული P-ების მიდგომა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბაზარი უამრავი პროდუქტითა და სერვისითაა გადატვირთული. წარმატების მისაღწევად აუცილებელია, გახდეთ შესანიშნავი, ანუ, იქცეთ „იისფერ ძროხად“. სწორედ ასე ეწოდება მარკეტინგის გურუდ აღიარებული, არაერთი ბესტსელერის ავტორის, სეთ გოდინის წიგნს, სადაც საუბარია, რისკის სიყვარულზე, სიახლეების ძიებაზე, გამორჩეულის შექმნასა და მარკეტინგის ძველი წესების დავიწყებაზე.
ავტორი წიგნში განიხილავს სხვადასხვა შესანიშნავი კომპანიის მაგალითს და მათზე დაყრდნობით მკითხველს უჩვენებს, რას ნიშნავს შექმნა „იისფერი ძროხა“ – პროდუქტი, სერვისი ან კომპანია, რომელიც განსხვავდება მოსაწყენი, არაფრით გამორჩეული კონკურენტებისგან და ამის წყალობით იმსახურებს მომხმარებლის ყურადღებას თუ ბაზრის ლიდერობას.
„თქვენ ან იქცევით „იისფერ ძროხად“, ან - არა, ან გახდებით გამორჩეული, ან მომხმარებელი, უბრალოდ, ვეღარ შეგამჩნევთ“ - შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი არის ნამდვილი მანიფესტი მარკეტერებისთვის და მათთვის, ვისაც სურს, გახადოს საკუთარი ბიზნესი შესანიშნავი.
აღსანიშნავია, რომ მარკეტერები წლების განმავლობაში განიხილავდნენ 5P-ს, რომელთა შორის გვხვდება: პროდუქტი (Product), ფასი (Price), სტიმულირება (Promotion), პოზიციონირება (Positioning), გასაჯაროება (Publicity), შეფუთვა (Packaging), გავრცელება (Pass-along), ნებართვა (Permission). ამ საკონტროლო მარკეტინგული ჩამონათვლით სარგებლობა ნამდვილად უსწრაფესი გზაა იმაში დასარწმუნებლად, რომ თქვენი საქმე, როგორც მარკეტერმა, შეასრულეთ. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რაღაცები შეიცვალა, თანამედროვე ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად გჭირდებათ დამატებითი P, იგივე „იისფერი ძროხა“ (Purple Cow), რომელსაც წიგნის ავტორი შემდეგნაირად ხსნის:
„ძროხა, ცოტა ხანს რომ უყურო, ერთობ მოსაწყენი ცხოველია. შესაძლოა, შთამბეჭდავი, მიმზიდველიც მოგვეჩვენოს, საერთოდ, კეთილი ზნის არსებაა, შეიძლება, ლამაზად განათებული დავინახოთ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მოსაწყენი ცხოველია. თუმცა, “იისფერი ძროხა” განსხვავებულია. მისი გამოჩენა (ცოტა ხნით მაინც) შეიძლება, საინტერესო აღმოჩნდეს. “იისფერი ძროხის” არსი მისი განსაკუთრებულობაა“, - წერს ავტორი.
მისივე მოსაზრებით, მარკეტინგს ადრე “რეკლამას” უფრო დაარქმევდით. ეს პროდუქტის შექმნისა და საზოგადოებისთვის მისი ღირებულებების გაცნობა იყო, თუმცა აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად გამოსადეგი სტრატეგია არ არის ისეთ სამყაროში, სადაც მარკეტერის პროფესიისთვის მთავარი უკვე მხოლოდ საქონლის მახასიათებლებია.
„მარკეტინგი ახლა პროდუქტის მოფიქრების აქტია. მის შექმნაში ჩადებული ძალისხმევა. წარმოებისა და ფასწარმოქმნის ხელოვნება. გაყიდვის ტექნიკა. როგორ შეიძლება, „იისფერი ძროხის” შემქმნელ კომპანიას მარკეტერი არ მართავდეს?
თუ კომპანია წარუმატებელია, ეს უმაღლესი რანგის მმართველების დიდი ნაწილის ბრალია და პრობლემა, სავარაუდოდ, ესაა: პროდუქტის გასაღებაზე, მის მარკეტინგზე ზრუნვის ნაცვლად, კომპანიის მართვას მისდევენ“ - წერს ავტორი.
წიგნის გამოცემის კონსულტანტი, სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი შოთა ჩინჩალაძე ფიქრობს, რომ შესანიშნავი პროდუქტის შექმნისას, საკუთარი გონება იისფერი რევოლუციისთვის უნდა შეამზადოთ, რადგან წიგნის წაკითხვისას, „თქვენს ტვინში გაჩნდება ნაპერწკალი, რომელსაც, თუ გააღვივებთ, მუდმივად გიბიძგებთ, რომ ყველაფერი, რასაც ამიერიდან შექმნით, გამორჩეული, შესამჩნევი და შესანიშნავი იყოს“.
„ეს წიგნი არის მარკეტინგის თანამედროვე პრინციპების შესახებ, რომელიც თავის მხრივ, ამბობს, რომ თუ ადრე, კომპანიები საკუთარი პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანის პროცესში ბევრ ფულს ხარჯავდნენ, დღეს ეს მიდგომა მოძველებულია. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი შემოთავაზებები უამრავია, მარკეტერებისთვის საუკეთესო გამოსავალია შექმნან გამორჩეული, შესანიშნავი პრუდუქტი. შესანიშნავი პროდუქტი კი, როგორც წიგნის ავტორი ამბობს, თავისთავად ხდება სალაპარკო თემა და იდეავირუსივით ვრცელდება საზოგადოებაში. სწორედ ეს არის საუკეთესო გამოსავალი, რომ ძლიერი ბრენდები შექმნათ.
მე ვფიქრობ, „იისფერი ძროხა“ მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ამ ბოლო ნაწილის გამოა. იმიტომ, რომ პროდუქტს მხოლოდ კომერციული ორგანიზაციები არ ქმნიან. პროცესში მონაწილეობს ყველა ის ადამიანი, რომელიც რაღაც დოზით მაინც არის ჩართული საქმის კეთებაში. შესაბამისად, ეს წიგნი ყველა პროფესიის ადამიანისთვისაა განკუთვნილი“, - ამბობს შოთა ჩინჩალაძე.
სეთ გოდინი პროფესიონალი სპიკერი, მწერალი და ცვლილებების აქტიური ხელშემწყობია. ის მსოფლიო მასშტაბის ათი ბესტსელერის ავტორია, რომლებსაც შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: www.sethgodin.com. გოდინს 18-ზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული. რაც შეეხება „იისფერი ძროხას“, ის გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა და გამოსვლიდან 2 წლის პერიოდში 150,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. სეთ გოდინი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ბიზნესმოაზროვნეა, მისი ბლოგი (www.sethgodin.com) Times-მა 25 საუკეთესო ბლოგს შორის დაასახელა.
სეთ გოდინის მსოფლიო ბესტსელერი „იისფერი ძროხა“ ახლახან გამოიცა ქართულ ენაზე „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში. წიგნის რამდენიმე გვერდის გადახედვა შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/2Gw9TS4