„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ - ბაკურიანში რეკრეაციულ ზონაში უკანონო მშენებლობაზე ინფორმირებული ვართ, თუმცა არ გვაქვს ბერკეტი, ვინმეს სანქცია დავუწესოთ

შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ბაკურიანში რეკრეაციულ ზონაში, იმერლების მთასთან, მიმდინარე უკანონო მშენებლობის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა მისი უწყების კომპეტენციაში უკანონო მშენებლობების კონტროლი არ შედის.

„ინფორმირებული ვართ და ძალიან მტკივნეულადაც აღვიქვამთ, რადგან ეს არის პრობლემატური საკითხი, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ბერკეტი, რომ მივიდეთ და უკანონო მშენებლობის გამო ვინმეს სანქცია დავუწესოთ“, - განაცხადა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა დავით ჯაოშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

დავით ჯაოშვილის თქმით, რეკრეაციულ ზონაში ამგვარი მშენებლობა გენგეგმას თავდაყირა აყენებს და პრობლემაა, რადგან თუ აქ საბაგიროს სადგურის აშენება გადაწყდება, უკვე უკანონოდ არსებული ინფრასტრუქტურის გამო ალტერნატიული ადგილის მოძიება გახდება საჭირო.

„ის, რომ რეკრეაციულ ზონაში ამგვარი მშენებლობა მიმდინარეობს, თავდაყირა აყენებს იმ დოკუმენტაციას, რაზეც სახელმწიფომ დიდხანს იმუშავა, გენგეგმას აყენებს თავდაყირა, რაც არის როგორც კურორტისთვის, ასევე ჩვენი კომპანიისთვის პრობლემური საკითხი.

ჩვენ ყველანაირად ვეყრდნობით გენგეგმას. თუ დაგვევალება, კონკრეტულ არეალში საბაგიროს მშენებლობა და იქ იქნება დამაბრკოლებელი მშენებლობა, ჩვენ მოგვიწევს ალტერნატივის მოძებნა, რაც რა თქმა უნდა, არასწორია, მაგრამ ჩვენ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების ან ვინმეს დაჯარიმების უფლება არ გვაქვს, არსებობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მათ შეუძლიათ ეს ყველაფერი განახორციელონ“, -აცხადებს ჯაოშვილი.

მისივე თქმით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ პრეროგატივაა ახალი საბაგიროების დაგეგმვა და სასრიალო ტრასების მოწყობა, მაგრამ რაიმე ბერკეტი უკანონო მშენებლობების გასაკონტროლებლად არ აქვთ. ამასთან, დავით ჯაოშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიზე გენგეგმით საბაგიროს სადგურის მშენებლობა გათვალისწინებულია, თუმცა კონკრეტული პროექტი ჯერ არ არსებობს.

„ვინაიდან ჩვენს კომპეტენციაში შედის არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა, ამავდროულად ახალი საბაგიროების დაგეგმვა და სასრიალო ტრასების მოწყობა, მაგრამ ჩვენს კომპეტენციაში არ შედის ვინმე პარტიზანულად თუ რამეს აშენებს, ამის კონტროლი.

გენგეგმით აღნიშნულ არეალში იგეგმება საბაგიროს სადგურის მოწყობა კონკრეტულად როდის ამას ვერ გეტყვით .ჯერ პროექტი არ გვაქვს მზად და ზუსტად კოორდინატებში რამდენად ემთხვევა ეს ადგილი იმას, სადაც მშენებლობა მიდის, გამიჭირდება ახლა ამის თქმა. ზოგადად პრობლემად რჩება ბაკურიანში ქაოტური მშენებლობები ,“-აცხადებს ჯაოშვილი.