„თიბისის“ აქციების ფასის კლება დღესაც გრძელდება. სამ დღეში 19%-იანი კლებაა“,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„თიბისის“ აქციების ფასის კლება დღესაც გრძელდება. სამ დღეში 19%-იანი კლებაა.
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ თანამდებობები დატოვეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ და საერთოდ არ უკავშირდებიან ბანკის მართვას, ამან სიტუაცია ვერ შემოატრიალა.
პროკურატურის ბრალდების გარდა, აქციების ფასზე ლარის გაუფასურება (დოლარში გამოხატული ბანკის აქტივები მცირდება) და ქვეყნის შიდა პოლიტიკური ამბებიც მოქმედებს და ეს მხოლოდ თიბისის არ ეხება.
2018 წლის ანგარიშის მიხედვით თიბისი საკმაოდ ძლიერია სავალუტო კურსის რისკის (და სხვა რისკების) მიმართ. ეროვნული ბანკის მოთხოვნის მიხედვით, ღია სავალუტო პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს საზედამხედველო კაპიტალის 20%-ს, რაც 2018 წლის ბოლოს თიბისის იყო 7.6%.
ზოგადად, ქართული საბანკო სისტემა ზოგიერთი განვითარებული ქვეყნის საბანკო სისტემაზეც სტაბილურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როცა ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკი ასეთ ნეგატიურ პროცესებშია, ამ დროს მთავრობა ცეცხლზე ნავთს უნდა ასხამდეს.
არ ვიცი ეს პესიმიზმია, თუ ოპტიმიზმი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელისუფლების და მათი “გამპრავებლების“ დიდ ნაწილს არ ესმით, რას აპრავებენ, რა ზომის საფრთხეებს,“- წერს ნამჩავაძე.