პროკურატურამ დავით ბაქრაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით ბაქრაძის ანგარიშზე დაფიქსირებული თანხების წარმომავლობას შეისწავლის.

ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ვინაიდან HCBS-ის საბანკო ანგარიშზე განთავსებული 276 849,89 გირვანქა სტერლინგი ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრთა ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ ყოფილა.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2014 წლის 28 ივლისს დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ "HCBS" ბანკის ინგლისის ოფისში დახურეს საბანკო ანგარიშები (40228434012380; 40228434012380), რომლებზეც განთავსებული ჰქონდათ 276 849,89 გირვანქა სტერლინგი (795 000 ლარი) და გადაიტანეს სხვა საბანკო ანგარიშებზე. ასევე გავრცელდა აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტები.

საზოგადობის ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ დავით ბაქრაძის მიერ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში დაფიქსირებულ, დავით ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრების ერთობლივ შემოსავალს ბევრად აღემატება გამოქვეყნებულ საბანკო დოკუმენტებში ასახული თანხა. ასევე კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად, დეკლარაციებში საერთოდ არ არის მითითებული ინფორმაცია ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშისა და ანაგარიშზე ფულადი თანხის არსებობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო შეისწავლის როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული დოკუმენტების ნამდვილობას, ასევე მათში დაფიქსირებული თანხების წარმომავლობის კანონიერებას.