უსაფრთხოების ნორმების შემოწმების შემდეგ „ბრიტანეთის ავიახაზები“ კაიროს მიმართულებით რეისებს განაახლებს

„ბრიტანეთის ავიახაზები“ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს მიმართულებით რეისებს განაახლებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, კაიროს მიმართულებით რეისები დღეიდან განახლდება. როგორც „ბრიტანეთის ავიხაზების“ განცხადებაშია აღნიშნული, მათ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება განაახლეს, რის შემდეგაც რეისების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. დამატებითი დეტალები კომპანიას არ გაუსაჯაროებია.

„ბრიტანეთის ავიახაზებმა“ კაიროს მიმართულებით რეისები უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე გასულ კვირას შეწყვიტა. როგორც BBC იუწყება, გასულ შაბათს, ავიარეისები გერმანულმა კომპანიამ „ლუფთანზამაც“ შეაჩერა, თუმცა მეორე დღეს განაახლა.

„ბრიტანეთის ავიახაზების“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეგვიპტეში უკმაყოფილება მოჰყვა. ქვეყნის ავიაციის მინისტრმა, იუნის ალ-მასრიმ კომპანიის ქმედებას „უსიამოვნო“ უწოდა.

აღსანიშნავია, რომ „ბრიტანეთის ავიახაზები“ რეისებს „ჰითროუს აეროპორტიდან“ კაიროს მიმართულებით და უკან დღეში ერთხელ განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ეგვიპტეში გამგზავრების მსურველებს გაფრთხილება მისცა. მის ბოლო რჩევაში აღნიშნულია, რომ ეგვიპტეში ავიაციის წინააღმდეგ ტერორიზმის რისკები გაზრდილია. თუმცა, გაფრთხილება ეგვიპტის მხოლოდ ცალკეულ რეგიონებში გამგზავრების მსურველებს მისცეს. კაირო კი უსაფრთხო რეგიონის ნაწილადაა ცნობილი.

მარიამ მენაბდიშვილი