„თიბისი ბანკის“ საქმე და ეროვნული ვალუტა - რა სჭირს ლარს?

ლარმა არსებობის ისტორიაში 2,91-იან ნიშნულს პირველად გადააბიჯა. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9171 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ანტირეკორდი მოხსნა.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ლარის ანტირეკორდს რამდენიმე მიზეზს უკავშირებს, რომელთა შორის სამ ძირითადს, რუსეთის ფაქტორს, შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და „თიბისი ბანკის“ საქმეს გამოყოფს.

როგორც სტატისტიკოსი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, 20-21 ივნისის ღამე, ასევე, რუსეთის „რბილი ემბარგო“, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე ნეგატიურად აისახა, რამაც ლარზე ცალსახად ნეგატიური გავლენა იქონია.

რაც შეეხება „თიბისი ბანკის“ საქმის გავლენას ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე, სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის საზოგადოებაში, რაც ლარზე თავისთავად ისახება.

„როდესაც ლარის ანტირეკორდზე ვსაუბრობთ, აქ რამდენიმე მიზეზზე შეიძლება აქცენტის გაკეთება. პირველი, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ეს ის პროცესებია, რომელიც 20-21 ივნისის ღამეს დაიწყო და მალევე რუსების მიერ ფაქტობრივად სანქციების დაწესება მოჰყვა. რუსი ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვა, ქართული საქონლისთვის რუსეთის ბაზარზე წინაღობების დაყენება, რაც რბილი ემბარგოს ნიშნებს ატარებს, ცალსახად ნეგატიურ გავლენას ახდენს ლარზე. გამოდის, რომ მცირდება ტურიზმი, რაც თავისთავად როგორც მომსახურების, ისე ფიზიკური ექსპორტის შემცირებას იწვევს. ანუ ამით ორმაგი დარტყმა მიიღო ჩვენმა საექსპორტო პოტენციალმა.

მეორე ფაქტორია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ძალთა ჭიდილი, რაც გარკვეულწილად ასუსტებს უცხოელი ინვესტორების და ბიზნესის დაინტერესებას საქართველოთი. ისინი გადაჰყავს დაპაუზების, მოლოდინის რეჟიმში და საქართველოში ინვესტიციების ჩადებისგან თავს იკავებენ.

და მესამე, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პროცესები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ საბანკო სექტორზე, არამედ ქმნის ნეგატიურ მოლოდინებს ზოგადად საზოგადოებაში. აქ ვგულსიხმობ არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ბიზნეს სექტორს და აშ. როდესაც მოლოდინები ღებულობენ უარყოფით ვექტორს, ანუ ქმნის დაძაბულობის, გაურკვევლობის, უარყოფითი ტენდენციების განვითარების შიშს, ეს მაშინვე ისახება ვალუტის კურსზე. ასეთ ვითარებაში საზოგადოება ცდილობს მოახდინოს თავისი მიმდინარე რესურსების კონვერტაცია რაც შეიძლება მყარ, დაცულ ვალუტაში. ამით კი ფაქტობრივად, ხელს უწყობენ საკუთარი ვალუტის გაუფასურებას“,- აცხადებს სოსოს არჩვაძე.

მისი თქმით, როდესაც ეროვნულ ვალუტაზე ვსაუბრობთ, აქ წინასწარი პროგნოზების გაკეთება თითქმის, შეუძლებელია. თუმცა, სტატისტიკოსი იმედოვნებს, რომ შექმნილ ვითარებაში ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ რესურსს სათანადოდ გამოიყენებს.

„იმედია, რომ ეროვნული ბანკი უფრო აქტიურ ღონისძიებებს გაატარებს და აღმოჩნდება არა მოვლენათა კუდში მოჩანჩალე, არამედ ავანგარდში და შეძლებს გარკვეული პოზიტივის შეტანას ამ პროცესში. აქ შეიძლება გამოყენებული იყოს ის ინსტრუმენტები, რომელიც კანონით აქვს მინიჭებული. დაწყებული სავალუტო ინტერვენციებით, დამთავრებული მონეტარული პოლიტიკის ცვლილებით“,- აცხადებს სოსო არჩვაძე.

ნინი ქეთელაური