ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს თბოელექტოსადგურ გარდაბანი 1-ს მუშაობას და თბოელექტროსადგურ გარდაბანი 2-ზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან.
ნათია თურნავას განცხადებით, მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და სადგური წლის ბოლოს, ან ყველაზე გვიან, 2020 წლის დასაწყისში უკვე მწყობრში შევა. თურნავასთან ერთად თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები მისმა მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ დაათვალიერეს.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასამტკიცებლად.
„პირველ რიგში, ეს არის ახალი ჰიდროსადგურები, რომლებიც ჩვენ საკუთარ რესურსებს ეყრდნობა, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და შეუჩერებელი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის მნიშვნელოვანია თბოსადგურებიც, ეს არის საბაზისო სიმძლავრე“, - აღნიშნა მინისტრმა.
შპს „გარდაბნის თბოსადგური“ 2015 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, ოპტიმალური საექსპლუატაციო დანახარჯით ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, რომელმაც 2017 წელს 1,171,145,129 კვტ/სთ ენერგია გამოიმუშავა, რაც ქვეყანაში გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 10%-ზე მეტია.
“გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის მშენებლობას საფუძველი 2016 წლის ოქტომბერში ჩაეყარა, აქტიური სამშენებლო ფაზა კი 2017 წლის ზამთარში დაიწყო. გარდაბნის თბოსადგურისგან განსახვავებით, ახალ თბოელექტროსადგურს ექნება ,,ნულიდან’’ გაშვების ფუნქცია, რასაც უზრუნველყოფს ავტონომიური/დამოუკიდებელი დიზელ-გენერატორი (Black Start Diesel Generator). აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ელექტროსისტემაში სიმძლავრის არარსებობის (System Black-out) დროს შესაძლებელი იქნება ელექტროსისტემისგან დამოუკიდებლად სადგურის გაშვება. სადგური აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით.
მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებით მოხდება, თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს.
„ეს იქნება დამატებითი სიმძლავრე, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, სადგური უახლესი ტექნოლოგიებით შენდება და ჩვენ მალე მივიღებთ ამ შესანიშნავ ობიექტს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.