ბრიტანეთის მედია მარეგულირებელმა რუსული არხი 250 000 დოლარით დააჯარიმა

ბრიტანეთის მედია მარეგულირებელმა Ofcom-მა, რუსეთის ახალი ამბების არხი RT მაუწყებლობის წესების დარღვევისთვის 200 000 ფუნტით (250 000 აშშ დოლარი) დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tass-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, Ofcom-მა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ახალი ამბების არხი რეგულაციების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა.

„Ofcom-ის წესების თანახმად, ახალი ამბების გაშუქება მიუკერძოებლად უნდა განხორციელდეს. მოკვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ 17 მარტიდან 26 აპრილის პერიოდში RT-ის შვიდ სატელევიზიო პროგრამაში დაფიქსირდა ობიექტურობის დარღვევის შემთხვევები“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დარღვევების უმრავლესობა სკრიპალების მოწამვლის საქმესა და სირიის კონფლიქტის გაშუქებას უკავშირდება.

ბრიტანული მარეგულირებელი RT-ისგან მოითხოვს, მათი მოკვლევის შედეგები ტელეარხმა მაყურებელს გააცნოს.