პროკურატურამ მესამედ ჩატარებული ქვეყნის საწინააღმდეგო ბრიფინგით ქართულ ეკონომიკას დააკარგინა, ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, დააკარგინა ძალიან მსხვილი ინვესტორები, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო უნდა გაიმართოს.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბოლო ორ დღეში პროკურატურამ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარით დაუგდო.
„პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე და ბადრი ჯაფარიძე ვეფარებოდით „თიბისი“ ბანკს და ანაკლიას იმისთვის, რომ გადაგვეფარა და იმუნიტეტად გამოგვეყენებინა ჩვენი ეს ორი უზარმაზარი კომპანია. ჩვენ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამ უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად ქვეყნის საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოჭრა ქართულ საინვესტიციო გარემოს თავი, ორჯერ მოგვიწია გადადგომა. მეორედ გუშინ გადავდექით, მას შემდეგ რაც 98%-ით აგვირჩიეს ჩვენმა ინვესტორებმა, ამას მოყვა ის ფაქტი, რომ 5 წუთიანი დოკუმენტის და მასალის გადმოსაცემად, პროკურატურამ, მესამედ ჩაატარა ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგინა, ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, დააკარგინა ძალიან მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს, რომელიც ლონდიონის ბირჟაზე არიან, ორი დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით. ორ დღეში, პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე როგორც 6 თვის წინ, ქვეყანას მიადგა უზარმაზარი ზარალი.
ჩვენ პრესიდან გავიგეთ, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობისა და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდ ლარ ინვესტიციას ბადრისა და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ, იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც სამწუხაროდ, ხელისუფლებას აქვთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.