კურსის ფორმირებაში ნეგატიური მოლოდინების გავლენის შესამცირებლად, ეროვნული ბანკის მხრიდან ბიზნესთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო. დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა არის ლარის კურსის მერყეობა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გარშემო ნეგატიური მოლოდინებით არის განპირობებული, - ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დოლართან მიმართებაში ლარის მკვეთრ გაუფასურებას.
ბიზნესომბუდსმენის თქმით, ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა.
„ნეგატიურ მოლოდინებს ბიზნესსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თავისი საფუძველი აქვს. მთავარი მაინც არის რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა და მისი ნეგატიური გავლენა სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიებზე. ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა,“ - ამბობს ლექვინაძე.
კითხვაზე, ვის გულისხმობს ბიზნესომბუდსმენი გარკვეულ ჯგუფებში და ადანაშაულებს თუ არა ოპოზიციას აჟიოტაჟის შექმნაში, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ის რაც მოქმედებს პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ნეგატიური პროცესის ხელოვნურად კიდევ უფრო მეტად გაღვივებაზე, ბიზნეს გარემოს აზიანებს.
„ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და სიცხადე გრძელვადიან პროცესში. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, რომ ბიზნესს დავანახოთ გრძელვადიანი პერსპექტივა. მნიშვნელოვანი და საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაციის ხარისხი ეროვნული ბანკის მხრიდან შესაბამის ბიზნეს სუბიექტებთან, რათა ნეგატიური მოლოდინების როლი კურსის ფორმირებისას შემცირდეს“, - ამბობს ბიზნესომბუდსმენი.
ირაკლი ლექვინაძე “თიბისი ბანკზეც” ამახვილებს ყურადღებას და ყველა მხარეს განცხადებებში სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ცხადია, რომ მიმდინარე პროცესს ყველა იმ ბიზნეს საქმიანობაზე ექნება ასახვა, სადაც აღნიშნული ბიზნესმენები არიან წარმოდგენილები. აქციების მყისიერი გაუფასურებაც ამას ადასტურებს, ამიტომ სასამართლოს დასრულებამდე სწორია მათი მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოში პოზიციების დატოვება. ყველა მხარე ძალიან ფრთხილი უნდა იყოს განცხადებებში, რადგან პროცესში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია „თიბისი ბანკი“, სისტემური ბანკი, რომლის გამართულად მუშაობა და სტაბილურად განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.