აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს „ფორბსის“, „კოსმოპოლიტანისა“ და რეიტინგული ყაზახური ონლაინგამოცემა „ტენგრი ნიუსის“ ჟურნალისტები სტუმრობენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები რეგიონში მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ.
მათივე ინფორმაციით, დღეს ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. სამდღიანი ტურის განმავლობაში კი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ეროვნულ პარკს, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და ქედის ტურისტულ მარშრუტს ეწვევიან. რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ბელორუსში, ყაზახეთსა და უკრაინაში აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება.
„ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვაჩვენოთ პოტენციურ ტურისტებს სტატიებით, რეპორტაჟებით, ბლოგებითა თუ სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით, რომ ჩვენთან დასვენება არის უსაფრთხო, ტურისტულად მრავალფეროვანი და საინტერესო. კოსმოპოლიტანისა და ფორბსის შემდეგ ჩვენ ველოდებით ჟურნალისტებს ვოგიდან, L’Officiel- დან, ZOE Magazine- დან და სხვა ცნობილი გამოცემებიდან. ჩვენი ორგანიზებით ბოლო ერთ თვეში რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ მომზადებული 40-მდე სტატია, რეპორტაჟი და ბლოგი გამოქვეყნდა და ეს პროცესი ბუნებრივია გაგრძელდება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში წელს სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიისა და ტურისტული კომპანიის 370-ზე მეტმა წარმომადგენელმა იმოგზაურა. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, დეპარტამენტი ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს.