"რეზონანსი" - უძრავი ქონების ბაზარი მართლაც უძრავი გახდა

სამშენებლო სექტორში გაყიდვები საგანგაშოდ შემცირდა. მიზეზად გაუფასურებული ლარი და პოლიტიკური არასტაბილურობა სახელდება. ასევე, გასული წლებიდან მოყოლებული რეგულაციები, როგორც უშუალოდ სექტორის, ასევე საბანკო სფეროსთვისაც. სპეციალისტები ამბობენ, რომ უძრავი ქონების ბაზარი, ნამდვილად უძრავად გახდა.

ლარის მკვეთრად გაუფასურებულმა კურსმა, რამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო, სხვა ყველა სექტროთან ერთად, ზეგავლენა სამშენებლო ბიზნესზეც იქონია. მიუხედავად იმისა, რომ ფასი დოლარის სხვაობას დიდად არ გაუზრდია, სფეროს წამომადგნელები ამბობენ, რომ ბაზარზე გაყიდვებმა იკლო. განმაპირობებელი ფაქტორი კი ლარის კურსთან ერთად, რეგულაციებიცაა, რომელიც შინაარს მოკლებულად მიიჩნევა, სპეციალისტების ნაწილის მიერ.

ამასთან, სამშენებლო სფეროს ზრდის ტემპი წლიდან წლამდე იკლებს. 2018 წლის მეორე კვარტალში სექტორის ბრუნვა მხოლოდ 4.5%-ით გაიზარდა და 1.76 მლრდ ლარი შეადგინა მაშინ, როცა 2017 წლის მეორე კვარტალში 21%-მდე ზრდა იყო, 2016 წელს კი - 42.3%. მშენებლობის სექტორში ტემპის შენელებას მთავრობა იმ ახალ რეგულაციებს უკავშირებს, რომლებიც სექტორს დაუწესდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წელს მშენებლობის სექტორის ბრუნვა მიმდინარე ფასებში დაახლოებით 3.2 მილიარდი ლარი იყო. წინა წელთან შედარებით სამშენებლო სექტორი 3.1%-ით შემცირდა. 2017 წელს კი მთლიანი დარგი 13.5%-ით იყო გაზრდილი.

წლის პირველი ნახევარი უძრავი ქონების ბაზრისთვის წარუმატებლად დასრულდა. მშენებლები ,,რეზონანსთან” 1 თვის წინაც აცხადებნენ, რომ ბინების რეალიზაციაც და ფასიც შემცირებულია, რაზეც ძირითადად სამშენებლო სფეროს რეგულაციებმა, ლარის კურსმა და საბანკო რეგულაციებმა იმოქმედეს. დეველოპერების ამბობდნენ, რომ გაყიდვა განახევრდა, ახალი პროექტები აღარ არის და ვერც ძველი სრულდება, ბაზარზე უკვე კრიზისია.

გარდა იმისა, რომ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტემპი დაეცა, კომპანიები დასრულებული ბინების გაყიდვასაც ვეღარ ახერხებენ. პოლიტიკურად ცხელმა ზაფხულმა, არასტაბილური გარემო შექმნა ეკონომიკაშიც.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი შემცირების მიზეზად ლარის კურსთან ერთად, პოლიტიკურ ვითარებასაც მიიჩნევს. მისი თქმით, ბოლო წლებია, უკეთესობისაკენ, ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა.

"გაყიდვა, რა თქმა უნდა, შემცირებულია. საზოგადოებას კი, სამწუხაროდ, არ ესმის, რომ ნებისმიერი ოპერაცია ბაზარზე არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ სტაბილურობაზეცაა დამოკიდებული. ქვეყნის უსაფრთხოება, ლარის კურსი და სხვა ფაქტოები, საშინლად ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს დღეს ბინების გაყიდვაზე.

ძალიან მარტივად რომ ავხსნა, ბევრი ადამიანი დღეს ფიქრობს ამ ქვეყნაში ღირს თუ არა და შეიძლება თუ არა შვილებს გაზრდა, ბევრიც მიდის ემიგრაციაში. ამ პირობებში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ასეთმა ადამიანმა საქართველოში ბინა იყიდოს?

როგორიც უნდა იყოს დანახარჯი, როცა მოთხოვნა მიწოდებას ასეთი უარყოფითი სალდო აქვს, ფასი ვერ იზრდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იკლებს რესლიზაცია.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ლარის ვარდნაც კი ვერ იქონიებდა გადამწყვეტ გავლენას, იმ შემთხვევაში ქვეყანაში სტაბილური ვითარება რომ ყოფილიყო. ახლა კი აქ, გრძელვადიან გეგმებზე საუბარი მოსთხოვო ადამიანს, რომელმაც არ იცის შიგა თუ გარე მტერი ხვალ რას იზამს, ძალიან ზედმეტია. ბინის ყიდვა კი ძალიან გრძელვადიანი ეკონომიკური გათვლაა, დიდი დანაზოგია საჭირო, მთელს მსოფლიოში და ჩვენთანაც“, -ამბობს როსტომაშვილი.

უძრავი ქონების ბაზარი - ეს სიტყვები დღეს უკვე პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. სამშენებლო სამართლის სპეციალისტის უჩა ზაქაშვილის თქმით, თავის დროზე რეგულაციებმა იქონია გავლენა და დღესაც, სამშენებლო ბაზრის შემცირების მთავარი განმაპირობებლი ეს რეგულაციებია და არა კურსი ან სხვა ფაქტორები.

`უძრავი ქონება ხომ ჰქვია და დღეს ზუსტად ეს ხდება სამშენებლო ბაზარზე. მიუხეადავად ამისა, რომ მე ბაზრის გაყიდვის სპეციალისტი არ ვარ, ეს ინფორმაცია ნამდვილად მაქვს. ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამოწვეულია ლარის დევალვაციით, თუმცა დიდწილად მაინც რეგულაციების დამსახურებაა, რომელთა უმრავლესობა აზრს მოკლებული და უცხოური პრაქტიკიდან კოპირებული, ქართულ რეალობას აცდენილი იყო. სხვათა შორის, ამან თავის დროზე, პირიქით, იქონია გავლენა ლარზე და შეამცირა სამშენებლო სექტორის ზრდის ტემპიც” - აცხადებს "რეზონანსთან" ზაქაშვილი.

შეგახსენებთ, ნომინალურ გამოსახულებაში (ინფლაციის ჩათვლით) სამშენებლო სექტორი 2018 წელსაც გაიზარდა, თუმცა მისი წილი მშპ-ში 9.3%-მდე შემცირდა.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"