საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მთავრობის დავალებით, გუდაურსა და ბაკურიანში უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველო 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა - სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება, შესაბამისად, 2023 წლამდე ბაკურიანში უნდა განხორციელდეს ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის პროტოკოლით არის გათვალისწინებული.
აღნიშნულ ჩემპიონატს უმასპინძლებს ბაკურიანში აშენებული დიდველის ახალი არეალი, სადაც მიმდინარე წელს სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება. ახალი საბაგიროების მშენებლობით ტურისტებისთვის დამატებითი სასრიალო არეალი შეიქმნება.
კობი-გუდაურის სათხილამურო არეალი კი აღიჭურვება საზვავე უსაფრთხოების სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხო სრიალს, ასევე გაახანგრძლივებს სასრიალო დღეების რაოდენობას“, - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.