„ვაკეში სამუშაოები უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფით მიმდინარეობს“

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ვაკის პარკში მიმდინარე სამუშაოებს ეხმაურება.

მისი შეფასებით, სამუშაოები უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფით მიმდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც მძღოლს, ასევე ქვეითს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მესხიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ვაკის რაიონში მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს მიწისქვეშა გაყვანილობების შეცვლასა და გზის რეაბილიტაციას, მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქალაქისთვის. თუმცა სამწუხაროდ სამუშაოები მიმდინარეობს უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფით, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც მძღოლს, ასევე ქვეითს!

გზის სავალ ნაწილზე ამოთხრილია ორმოები (3-4 მეტრის სიღრმეზე), იქ სადაც მოძრაობენ ავტომობილები და ქვეითად მოსიარულეები. სამშენებლო სამუშაოები არ არის იზოლირებული საგზაო მოძრაობის მონაწილეებისგან, არ არის განთავსებული შესაბამისი საგზაო ნიშნები. არ არის განთავსებული მაფრთხილებელი შუქურა სიგნალი ე.წ "ყვითელი ციმციმა შუქნიშანი", რაც განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებდა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის რისკი განსაკუთრებით იზრდება ღამის საათებში, ვინაიდან ორმოები აღარ არის ხილვადი. ღამის საათებში, რთულია დაინახო კეკელიძის ქუჩაზე განთავსებული ბეტონის ჯებირებიც, რომელიც მოულოდნელად, ნახევრად კეტავს გზის სავალ ნაწილს შუქამრეკლისა და შესაბამისი საგზაო ნიშნების გარეშე!

მივმართავთ თბილისის მერიას, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:

სამშენებლო სამუშაოების იზოლირება მყარი მასალით და არა ლენტებით, განსაკუთრებით იქ სადაც ორმოებია გაჭრილი;

მაფრთხილებელი შუქურა სიგნალების ე.წ "ყვითელი ციმციმა შუქნიშნების" განთავსება საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე, სამშენებლო ობიექტების სიახლოვეს;

სამშენებლო ობიექტების სიახლოვეს (50-100 მეტრის დაშორებით) მაფრთხილებელი საგზაო ნიშნების ("საგზაო სამუშაობი", "სხვა საფრთხეები" და სხვა), ხოლო ობიექტებთან შუქამრეკლების განთავსება;

გამომდინარე სამუშაოების ხანგრძლივობისა, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით გზებზე ახალი საგზო ნიშნებისა და მონიშვნების გაკეთება, ხოლო ძველი მონიშვნების წაშლა;

ვაკის რაიონი შედის უკონტაქტო პატრულირების ზონაში, ჩვენი ინფორმაციით მიმდინარეობს აქტიური დაჯარიმება მძღოლების. მივმართავთ საპატრულო პოლიციას, რომ არ მიგვაჩნია მძღოლების დაჯარიმება მართებულად, მაშინ როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა საგზაო მოძრაობის შეცვლის პარალელურად ვერ მოახერხეს შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების გაკეთება,“-წერს მესხიშვილი.