ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ საფრანგეთის მიერ დაგეგმილი ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესების წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯს გადადგამდა და ფრანგულ ღვინოს გადასახადის დაწესებით დაემუქრა.
ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
თუმცა მოგვიანებით ოვალურ ოფისში ტრამპმა განმარტა, რომ აშშ-ს შეუძლია საფრანგეთის ღვინის გადასახადი დააკისროს, მაგრამ სხვა ვარიანტიც განიხილება.
აშშ საფრანგეთის ღვინისთვის დიდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2018 წელს საფრანგეთიდან აშშ-ში 3.2 მილიარდი ევროს ღირებულების ღვინო გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა ტექნოლოგიურ გიგანტებს ციფრული მომსახურების გადასახადი დაუწესა. კრიტიკოსების ცნობით, გადასახადის სამიზნე ამერიკული კომპანიებია, რაც უსამართლობაა და რამაც შესაძლოა, ვაშინგტონსა და პარიზს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვიოს.
საერთაშორისო კომპანიიები, ისეთები როგორიცაა მაგალითად, „გუგლი“ და „ფეისბუქი“, საფრანგეთში გაყიდვების 3 პროცენტს გადაიხდიან.
საფრანგეთის მთავრობას მიაჩნია, რომ მსგავსი კომპანიები, რომელთაც ქვეყნის გარეთ აქვთ სათავო ოფისი, ძალიან მცირე გადასახადს იხდიან საფრანგეთში, ან საერთოდ არ იხდიან. ახალი გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება საფრანგეთის სენატმა მიიღო.
დაბეგვრას დაექვემდებარება ის ციფრული კომპანიები, რომელთა შემოსავალი 750 მილიონ ევროს აჭარბებს და საფრანგეთში 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.