„ალადინის" შემოსავლებმა წელს მილიარდ დოლარს გადააჭარბა

კინოკომპანია "უოლტ დისნეის" საკულტო ანიამციის „ალადინის“ კინო ვერსია (რეჟისორი გაი რიჩი), მიმდინარე წელს კინოინდუსტრიაში მესამე ფილმი გახდა, რომლის შემოსავლებმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ვილ სმიტი და ნაომი სკოტი ასრულებენ, ეკრანებზე 24 მაისს გამოვიდა და 2 თვე დასჭირდა, რომ მილიარდიანი ნიშნული გადაელახა. აქედან 344 მილიონი შტატებზე მოდის, ხოლო 656 მილიონი დანარჩენ მსოფლიოზე. თუმცა, ეს არ არის მისი საბოლოო ნიშნული, ფილმი ჯერ კიდევ გადის კინოთეტრებში.

ცნობისათვის „ალადინის“ ორიგინალს, რომელიც 1992 წელს გამოვიდა, ნახევარი მილიარდი დოლარის სალარო შემოსავალი აქვს.

აღსანიშნავია, რომ "ალადინის" გარდა, მლრდ-ანი შემოსავლის გადალახვა მოახერხეს ფილმებმა: „შურისმაძიებლები: დასასრული“(2,79მლრდ) და „კაპიტანი მარველი“(1,12 მლრდ). სამივე ფილმი "დისნეის" საკუთრებაა და ამავე კომპანიის კიდევ ორი ფილმი უახლოვდება მილიარდიან ზღვარს. ესენია: „სათამაშოების ისტორია 4“ და ფილმად ქცეული „მეფე ლომი“.

"დისნეის" გარდა ამ ეტაპზე მილიარდიან შემოსავალთან ძალიან ახლოსაა კინოკომპანია „სონის“ ფილმი "სპაიდერმენი: სახლიდან შორს“, რომელსაც 12 მილიონი აკლია და ამ ნიშნულს ის უკვე ორშაბათს გადალახავს.

ცნობისათვის, 28 ივლისის მონაცემებით, მსოფლიო კინო ინდუსტრიის ისტორიაში მილიარდზე მეტი დოლარის შემოსავალი მხოლოდ 40 ფილმს აქვს გადალახული. წელს ამის მაღალი შანსი კიდევ 5 ფილმს აქვს. ზემოთ ჩამოთვლილი სამის გარდა შემოდგომაზე ამას მოახერხებს "დისნეის" ანიამცია Frozen 2 და ეპოქალური საგა Star Wars-ის ერთ-ერთი ეკრანიზაცია The Rise of Skywalker. შესაბამისად, წლევანდელ კინოჩარტს შესაძლოა, 8 მილიარდის ზღვარგადალახული ფილმი ჰყავდეს, რაც აქამდე კინოს ისტორიაში არ მომხდარა.

კოკა კვირკველია