შატილის სკოლა-პანსიონის სარებილიტაციო სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ხევსურეთში სოფელ შატილის სკოლა-პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სკოლა-პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის განვითარების ფონდიდან ფინანსდება. რეაბილიტაციის შედეგად, გამოიცვლება სკოლის სახურავი და კარ-ფანჯარა, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა, მოეწყობა სველი წერტილები, შემოიღობება სკოლის ეზო და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაო. სკოლის რეაბილიტაცია ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.

სამინისტროს ცნობით, შატილის სკოლა-პანსიონი ხეობის რამდენიმე სოფლის ბავშვებს ემსახურება. მის მდგომარეობას 2019 წლის დასაწყისში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გაეცნო. ვიცე-პრემიერი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების მოძიებას სოფლის მოსახლეობას თებერვალში გამართულ სოფლის კრებაზე დაპირდა.

მთის განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტაცია უტარდება დუშეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ორ, სოფელ მაღაროსკარისა და სოფელ ბარისახოს სკოლა-პანსიონებსაც.

შატილის სკოლა-პანსიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მზია გიორგობიანთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემაც დაათვალიერა.