ელექტრომობილების წარმოების ზრდა აკუმულატორებისთვის საჭირო მასალებზე დეფიციტს შექმნის

გამომდინარე იქიდან, რომ ავტომწარმოებლები სულ უფრო ზრდიან ელექტრომობილების წარმოებას, უახლოეს წლებში ამან შეიძლება იმ მეტალის დეფიციტი გამოიწვიოს, რომელიც აკუმულატორების წარმოებისთვის გამოიყენება - იუწყება CNBC.

საკონსულტაციო კვლევითი კომპანია Wood Mackenzie აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი დეფიციტი შეიქმნება ლითიუმის, კობალტისა და ქრომის მიწოდებაში. ისინი მომდევნო 3 ათწლეულის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოების ბუმს პროგნოზირებენ, თუმცა მეტალების მიწოდებაში დეფიციტს.

ამ დროისთვის ლითიუმის, კობალტისა და ქრომის მიწოდება ბაზარზე საკმარისია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად - აცხადებენ ორგანიზაციაში. თუმცა დასძენენ, რომ ამ მომენტისთვის მათზე შედარებით დაბალი ფასები მწარმოებლებს უბიძგებს, უფრო მეტი ელექტრომობილის წარმოებისთვის, რაც სამომავლოდ ამ მასალებზე მოთხოვნას მნიშვნელოვნად გაზრდის.

„იმდენად გაზრდის, რომ მიმწოდებლები ვერ მოასწრებენ მოთხოვნაზე რეაგირებას. დედამიწაზე კობალტის, ლითიუმისა და ქრომის შეზღუდული მარაგებია, ამიტომ შესაძლოა, ისინი უბრალოდ, არ გვეყოს მომავალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

2018 წელს ელექტრომობილების გაყიდვები 64%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და ეს ტრენდი მზარდია მიმდინარე წელსაც.

ორგანიზაციის პროგნოზით, უკვე 2025 წლისთვის მსოფლიო ავტოწარმოების 7% ელექტრომობილებზე მოვა, 2040 წლისთვის კი 40%-მდე გაიზრდება. ამას უბიძგებს ცალკეული სახელმწიფოების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია სამომავლოდ სრულად აიკრძალოს მათ ქვეყნებში შიგაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვები. ასეთებს შორისაა ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, დანია და ნორვეგია. ამ დროისთვის მწარმოებლები მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რათა ლითიუმის ელემენეტებში არ მოხდეს კობალტის გამოყენება, თუმცა ყველა მსგავსი პროექტი ამ დროისთვის შემუშავების დონეზეა.

კოკა კვირკველია