„თავისუფალ, მცურავ გაცვლით კურსს სხვა ეკონომიკური დატვირთვა აქვს და არ ნიშნავს, რომ მიშვებული უნდა იყოს“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელმა თემურ ჭონიამ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლებიდან, რომელიც ამბობს, თავისუფალი გაცვლითი კურსი გვაქვსო, შეგვიძლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ - ლარი მართლაც თავისუფლად არის მიტოვებული. თავისუფალ, მცურავ გაცვლით კურსს სხვა ეკონომიკური დატვირთვა აქვს და არ ნიშნავს, რომ მიშვებული უნდა იყოს.
თუ თავისუფალი გაცვლითი კურსი ისე გესმის, რომ ნებაზე უნდა მიუშვა, მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თავისი აპარატითა და ამდენი ხარჯით, რისთვის გვჭირდება? მაშინ რა არის მისი ფუნქცია?
ერთი თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან - ამოიღეთ, რას ამბობდნენ ლარის შესახებ ბოლო 1-2 წლის განმავლობაში ექსპერტები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები, თვითონ ბანკის პრეზიდენტისა და სებ-ის სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ყველა ერთხმად აკეთებდა პროგნოზს და გვპირდებოდა, რომ ლარი წონასწორობის ნიშნულს დაუბრუნდებოდა, მაგრამ არავინ ამბობდა, კონკრეტულად რამდენი იყო ეს წონასწორობის კურსი.
ამიტომ ვცხოვრობთ მუდმივად გაურკვეველ, არასტაბილურ ვითარებაში როგორც პოლიტიკის, ისე ეკონომიკის თვალსაზრისით. რომ ვამბობთ, 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვსო, დარწმუნებული ვარ, ეს არა ხელისუფლების მიერ ეკონომიკაში მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და რეფორმების შედეგია, არამედ თავისთავადი პროცესი. ძლიერი ბიზნესმენები გვყავს და იმ ბიუროკრატიულ სისტემაში, რომელშიც ჩვენ ბიზნესის წარმოება გვიწევს, მინდა ყველა ბიზნესმენს ტაში დავუკრა ამისთვის,“-აღნიშნავს ჭყონია „კვირის პალიტრასთან“.